დუშეთის მერია: სოფელ ნაღვარევის ეკლესიასთან მშენებლობა არ მიმდინარეობს – ეკლესიის დანგრევის საფრთხის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

994

სოფელ ნაღვარევის ეკლესიასთან მშენებლობა არ წარმოებს და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიის დანგრევის საფრთხის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ეკლესიასთან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დაწყებული უნებართვო მშენებლობა შეჩერდა.

მათივე ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ადგილზე რაიმე სახის ობიექტის მშენებლობისთვის არც ერთი კომპანიისთვის ნებართვა არ გაუცია.

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოფელ ნაღვარევის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქოსდა მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას:

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ეკლესიასთან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დაწყებული უნებართვო მშენებლობა შეჩერდა თავიდანვე სწორედ დუშეთის მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაფრთხილების საფუძველზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ადგილზე რაიმე სახის ობიექტის მშენებლობისთვის არც ერთი კომპანიისთვის ნებართვა არ გაუცია. ამჟამად მიმდინარეობს საკითხის სრული შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები და ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიასთან მშენებლობა არ წარმოებს და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიის დანგრევის საფრთხის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. დუშეთის მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიას რაიმე საფრთხე შეექმნას“ , – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მუნიციპალიტეტი ავრცელებს.