მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და კარგად ხედავთ, რიკოთის უღელტეხილზე რა სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, იმერეთში სტუმრობისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მოახერხებს, რომ იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელიც მართავს ინფექციის გავრცელების რისკებს და მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად, ფრთხილად და გონივრულად აღადგინოს.
„ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესაბამისად, ჩვენ რეგიონებში ვათვალიერებთ, როგორ მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ანტიკრიზისული გეგმა გავაცნოთ თითოეულ მოქალაქეს და ვნახოთ, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, ტემპი როგორია. გასაგებია, რომ პანდემიიდან გამომდინარე, სამი თვის განმავლობაში ეს ტემპი დავკარგეთ, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და კარგად ხედავთ, რიკოთის უღელტეხილზე რა სამუშაოები მიმდინარეობს. ვნახეთ ქუთაისის შემოვლითი გზა, რომელიც დინამიურად ვითარდება და პირველ ეტაპზე, ივლისში ექნებათ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, რომ გამოიყენონ და ისარგებლონ ამ გზით. ასევე ვნახეთ ქუთაისის აეროპორტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ ტურიზმი ასე სწრაფად ვერ აღდგება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სერიოზული პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით და ავიაციას, როგორც ბიზნესს უჭირს, მაგრამ ჩვენ აქ დრო არ უნდა დავკარგოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აეროპორტი დროულად იყოს ჩაბარებული. ეს ყველაფერი დაბრუნდება. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელიც მართავს ინფექციის გავრცელების რისკებს და მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად, ფრთხილად და გონივრულად აღვადგინოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში დიდი რესურსების ინვესტირება მოახდინა, საქართველოს, როგორც საუკეთესო ტურისტული ქვეყნის მსოფლიოსთვის გასაცნობად და ამ ყველაფერს უნდა დაემატოს ის, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად მართავს ვირუსს.
„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში იმდენი ენერგიისა და რესურსების ინვესტირება მოვახდინეთ, საქართველოს, როგორც საუკეთესო ტურისტული ქვეყნის მსოფლიოსთვის გასაცნობად, ჩვენი ბევრი ტრადიციებით, კულტურით, ბუნებით, მეღვინეობით, სამზარეულოთი, ყველაფრით, ამას ყველაფერს უნდა დავამატოთ ის, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად მართავს ვირუსს და შეუძლია გახსნას შესაძლებლობები საერთაშორისო მოგზაურებისთვის, უსაფრთხოდ მიიღოს და უმასპინძლოს მას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.