საქართველოს მთავრობა: ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სატრანსპორტო ნაკადები შეამცირა საშუალოდ 10-ჯერ და მეტჯერ

945

17 აპრილიდან 27 აპრილამდე ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის მიზეზი იყო აღდგომის დღესასწაულის დღეებში ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების მზარდი დინამიკა, – ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 13-19 აპრილის კვირას დაფიქსირდა 133 შემთხვევა, რაც კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 17 აპრილს ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 34 შემთხვევა დაფიქსირდა.

„აღდგომის დღესასწაულის შემდგომი სამკვირიანი მაჩვენებლების ანალიზით აშკარაა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, 4 მაისის კვირაში, კლების დინამიკა აღინიშნა. ასევე, ქვეყანაში არ დაფიქსირდა „დღესასწაულების“ კლასტერი. მობილობის შემცირებას აჩვენებს ავტომანქანების ნაკადების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, 3 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, შემოღებული შეზღუდვის შედეგად, სატრანსპორტო ნაკადები შემცირდა საშუალოდ 10-ჯერ და მეტჯერ“, – აღნიშნულია COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.