სად გაქრა ოზურგეთის ქუჩებში მდებარე ზებრა გადასასვლელები – დისკომფორტი და საფრთხე მოსახლებისთვის

435

ოზურგეთში, თითქმის ყველა ფეხით მოსიარულეთა ე.წ ზებრა გადასასვლელების 90% გადაშლილია, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის, კარანტინის და კომენდანტის საათის გამო, სამი თვით იძულებით მოგვიწია სახლში ყოფნა და იზოლაცია, 1 ივნისიდან ნელ-ნელა ყველა რეგულაცია შემსუბუქდა, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობა განაახლა, აგრარულმა ბაზრებმა, მაღაზიებმა და სხვადასხვა ოფისებმა. ქალაქები  ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება.

სამთვიანი შესვენების შემდეგ, სამსახურში გამოსულს, თვალში მომხვდა, ფეხით მოსიარულეთა გაცრეცილი, თითქმის ბოლომდე გადაშლილი გადასასვლელები…

ინტუიციით მივუყვებოდი ქუჩებს და ვეძებდი თეთრ ხაზებს ასფალტზე. ეს ძალიან დიდი დისკომფორტია როგორც ფეხით მოსიარულესათვის, ასევე მძღოლებისთვის. განსაკუთრებით, თუ უცხო ვიზიტორი შემოვა ქალაქში, რომელმაც არ იცის, სად გადაკვეთოს გზა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „გურიის მოამბეს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს სამსახურში განგვიმარტეს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები გასული წლის ზაფხულში და შემოდგომაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მოიხაზა. თუმცა არ უარყოფენ იმასაც, რომ ზოგიერთი მათგანის ექსპლუატაციის ვადა უკვე გასულია.

თემასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, ოზურგეთის საკრებულოს წევრს,  „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დავით მჟავანაძეს.

„მიუხედავად ისმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ასიათასობით ლარს ხარჯავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ვხედავთ როგორც კეთდება საქმე. ტენდერებში ამარჯვებინებენ მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, რომლებიც თავის მხრივ საარჩევნოდ შემომწირველები არიან „ქართული ოცნების“.

ქალაქის არც ერთ ქუჩაზე საგზაო ნიშნები აღარ არსებობს, გადაშლილი და განადგურებულია. ამდენი ფული იხარჯება ხალხის ჯიბიდან და მიდის კონკრეტული ადამიანების ჯიბეში. საქმე უხარისხოდ კეთდება და ამის თვალხილული მაგალითია დღეს ოზურგეთში საგზაო ნიშნების არ არსებობა“, – ამბობს მჟავანაძე.