ბორჯომში “კუკუშკას” ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება

828

ბორჯომში თორის ქუჩაზე არსებული ე.წ „კუკუშკის“ ძეგლის და პლატფორმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოებისთვის 9 680 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„კუკუშკას“ ძეგლს რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „დეკორაციების და ქანდაკებების სახლი“ უტარებს.

ბორჯომში, კვარცხლბეკზე მდგარი ორთქმავლის ნაწილი, იმ “კუკუშკას” ეკუთვნის, რომელიც 1902 წელს, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაზე სამოძრაოდ სპეციალურად ინგლისიდან ჩამოიყვანეს. იმ პერიოდში, მას ღია ტიპის ვაგონები ებმოდა, რომლებიც მხოლოდ მოაჯირით იყო შემოსაზღვრული.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს – „კუკუშკას“ უძრავი ძეგლის სტატუსი, 2017 წლის 30 ივნისს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით მიენიჭა.

ბორჯომ–ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი, ერთ–ერთი პირველი და ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზია საქართველოში. ბორჯომის ხეობის სიმბოლო, ე.წ „კუკუშკა“ კი ამ სარკინიგზო ხაზზე, პირველი ორთქმავალია, რომელიც 1902 წელს ინგლისიდან ჩამოიტანეს. 1967 წლიდან კი, რკინიგზის ელექტროფიკაციის შემდეგ, უფუნქციოდ დარჩა და დღემდე ბორჯომის ხეობის სიმბოლოდ ითვლება.