გახარია: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარდება კვლევა, თუ რა ზეგავლენა აქვს კოვიდ 19-ს სხვადასხვა სფეროზე

443

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარდება ფართო კვლევა, „თუ რა ზეგავლენა აქვს კოვიდ 19-ის ვირუსს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, როგორიც შეიძლება იყოს სოციალური, პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ასე შემდეგ“.

მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე ანგარიშზე მუშაობამ აჩვენა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა სუსტი წერტილების გამოვლენისთვის, რომელიც იყო.

„ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში, როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – რა ზეგავლენა აქვს კოვიდ 19-ის ვირუსს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე, როგორიც შეიძლება იყოს სოციალური, პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ასე შემდეგ.

ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ეს არის გლობალური პანდემია, მას ეფექტურად ვპასუხობთ, რამეთუ ვმართავთ რისკებს. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო იმისთვის, რომ ადაპტაცია მოხდეს არა მხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებთან. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დონორები მსგავსი კვლევის ჩასატარებად მაქსიმალურად მოგვეხმარებიან. გარდა ამისა, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, უკეთ მოვემზადოთ შესაძლო მეორე ტალღისთვის. ასევე, ეს იქნება შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს აქვს“,-განაცხადა პრემიერმა.