პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიკროგრანტებისა და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გარდა ბიუჯეტის ზრდისა, მინიმალური საგრანტო თანხა 20-დან 30 ათას ლარამდე გაიზარდა.
„ცვლილებები იქნება “აწარმოე საქართველოში”, რომელსაც ჩვენ დღეს ასევე მივიღებთ. ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება, მე გამოვყოფ მხოლოდ ერთს, რაც ასევე მნიშვნელოვანია – მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზეც ეფექტურად მუშაობდა. ამ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე და გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-დან 30 ათას ლარამდე. ეს არის ასევე პირდაპირი დახმარება იმ მოქალაქეების, რომლებიც მზად არიან, ამ გაურკვევლობაშიც დაიწყონ ახალი ბიზნესი, შევიდნენ ახალ პროექტებში, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე, თავიან ოჯახზე და წარმატების შემთხვევაში შემდეგ უკვე დაასაქმონ სხვა ადამიანები. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ღონისძიების გატარებას აქვს არამარტო სოციალური, არამედ ეკონომიკური დატვირთვა“, – განაცხადა პრემიერმა.