8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა, რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია.
მთავრობის 23 მაისის დადგენილებაში შევიდა ცვლილებები, რომელიც 8 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. ცვლილებებში არ მომხდარა სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანის აღდგენა.
“ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს საქართველოს რკინიგზის მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით”, — წერია დადგენილებაში.
იმედინიუსს „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს, რომ მგზავრთა გადაყვანისთვის მზად არიან. ამისთვის შეიძინეს სადეზინფექციო საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრები. თუმცა, არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ საქალაქთაშორისო მიმოსვლას.
„სავარაუდოდ ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოს შეკრებაზე გადაწყდება“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.
„საქართველოში რკინიგზით“ მგზავრთა გადაყვანა 31 მარტს შეჩერდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების მოხსნის ეხალი ეტაპის შესახებ განაცხადეს. 29 მაისიდან განახლდა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა; 1 ივნისიდან გაიხსნა ყველა ღია მაღაზია, ყველა მოლი და ღია სივრცის მქონე რესტორნები; 8 ივნისიდან კი დახურული სივრცის მქონე კაფე-რესტორნებიც გაიხსნება. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება ყველა სასტუმრო და აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა.