„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები საჯაროდ განიხილეს

338

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები საჯაროდ განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო განხილვები ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენელთა მაქსიმალურ ჩართულობას.

„შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, არჩილ ადამიამ ისაუბრა, კანონქვემდებარე აქტების პროექტები მონაწილეებს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ნელი კორკოტაძემ გააცნო.

საჯარო განხილვა ონლაინ გაიმართა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა. მონაწილეებმა კანონთან მიმართებაში თავიანთი მოსაზრებები წარადგინეს.

,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონი, რომელიც 2021 წელს დამტკიცდა, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება და მისი მიზანი გარემოსთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული საკითხების პრევენციის და აღმოფხვრის ხელშეწყობაა. კანონის თანახმად, თუ საწარმო, საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვნად დააზიანებს გარემოს, ის თავად იქნება ვალდებული, გაიღოს საჭირო ფინანსური რესურსი და აღმოფხვრას გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელიც ქმნის, გარემოსდაცვით ფონდს. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე, ე.წ., გარემოსდაცვით ფონდში. აღნიშნულ ფონდში დაგროვებული თანხები მოხმარდება გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” საქართველოს კანონის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები შემუშავდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ფარგლებში”,- აღნიშნავენ უწყებაში.