საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მოლები, ბაზრობები და ღია ტიპის რესტორნები ამოქმედდება.
რაც შეეხება, დახურულ სივრცეში რესტორნებსა და სასტუმროებს, მათი ფუნქციონირება 8 ივნისიდან აღდგება.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციები დაამტკიცა, სადაც ყველა ეკონომიკური სუბიექტისთვის სამუშაო პროცესში გასათვალისწინებელი წესებია თავმოყრილი, მათ შორის მოლების, ბაზრობების, რესტორნებისა და სასტუმროებისთვის.
კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.
რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.
ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის მაგიდებისა და სტუმრების განლაგების მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე კვების ობიექტების მსგავსია.
ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.
ამასთან, ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.
დოკუმენტის თანახმად, დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.
რაც შეეხება მენიუს, რეკომენდირებულია, რომ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ იქნას შეთავაზებული, ხოლო ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.