გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საგარეჯოში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

605

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.

მათივე ცნობით, ახალი კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის, მათ შორის, „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ საგარეჯოში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, „საქმიანი ეზო“ საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.

„აღსანიშნავია, რომ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს“, – განაცხადა იური ნიზაძემ.

ცნობისთვის, „საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფეტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, შემცირდება უკანონო ჭრები.