საქსტატი: ის, ვინც პროდუქტს საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს, თვითდასაქმებულად აღარ ჩაითვლება

481

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ცნობით, კვლევის ახალი სტანდარტით, თვითდასაქმებულები გადაკვალიფიცირდებიან და ის ადამიანები, რომლებიც პროდუქტს უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს, თვითდასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან. ამაზე მან დღეს, პირველ ივნისს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

საქსტატის დირექტორმა დეპუტატებს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის 2020 წელს დასანერგი, ახალი მეთოდოლოგია გააცნო.

“დღეს დასაქმებულთა შორის დაახლოებით 49-50 პროცენტია თვითდასაქმებულთა წილი. ეს დაახლოებით 840 ათასი ადამიანია და მათი 75 პროცენტი (630 ათასი თვითდასაქმებული) სოფლად არის დასაქმებული. მათ დიდ ნაწილს, 70-80 პროცენტს მოჰყავს პროდუქცია მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის და ახალი მეთოდოლოგიით, ეს კატეგორია აღარ ჩაითვლება თვითდასაქმებულად. შესაბამისად, მათი წილი გამოაკლდება დასაქმებულთა კატეგორიას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ავტომატურად გადაკვალიფიცირდება უმუშევრად. შემდეგ გრძელდება სტანდარტული კითხვები, ან ის უნდა ეძებდეს სამუშაოს და მზად იყოს მუშაობის დასაწყებად 2 კვირის განმავლობაში”, — თქვა გოგიტა თოდრაძემ.

გოგიტა თოდრაძის თქმით, იანვრიდან ახალი გამოკვლევის კითხვებით დაიწყო მონაცემების შეგროვება 6 400 შინამეურნეობაში და კვლევა პირველი ორი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება.

კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას კითხვაზე, აქვს თუ არა დღევანდელ უმუშევარს საარსებო მინიმუმი და როგორ უნდა დაადგინოს ეს ქვეყანამ, საქსტატის დირექტორი პასუხობს, რომ ასეთი მონაცემები მათ არ აქვთ, რადგან მეთოდოლოგიის კუთხით, მათ “არ აქვთ საერთაშორისო სტანდარტიდან გადახვევის უფლება”.