თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონში N102 საბავშვო ბაგა-ბაღში გაეცნო.
„2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყება, მძიმე პანდემიური მდგომარეობის გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე გადავადდა. ამ მიზეზით, ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ჩვენ განვაახლეთ სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 10 პროდუქტისგან დაფასოებული ნობათები ყველა იმ აღსაზრდელის ოჯახს ურიგდება, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამს“, – განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისში ამჟამად, 188 საბავშვო ბაგა-ბაღი და 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. საკვებ პროდუქტებს იმ ახლად აშენებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც მიიღებენ, რომლის გახსნაც სააღმზრდელო პროცესის განახლებისას იგეგმება.
სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის პირობებში ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემათ, 2020 წლის მარტიდან თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით ხორციელდება. ნობათების გაცემა საბავშვო ბაღებში კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.