ლაგოდეხში მოსახლეობამ აქცია გამართა და ცენტრალური გზა გადაკეტა

618

ლაგოდეხში მოსახლეობამ აქცია გამართა და ცენტრალური გზა გადაკეტა. ადგილობრივებმა სასმელ წყალზე მრიცხველების ჩვენებით გადახდა გააპროტესტეს. ასევე, მათი განცხადებით, წყალი, რომელიც ონკანებში მოედინება, სასმელად არ არის ვარგისი.

“ფაქტობრივად, წყალი არ გვაქვს, დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ასევე ვითხოვთ, წყლის საფასური სულადობის მიხედვით გადაგვახდევინონ, როგორც აქამდე იყო – თითო ადამიანზე 50 თეთრი. მრიცხველის ჩართვის შემთხვევაში გადასახადი 1 ტონა წყალზე 42 თეთრი იქნება, რასაც ვერ გადავიხდით, ვერ შევძლებთ,” – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

“მეტი აღარ შეიძლება, სასმელი წყალი არ ვარგა, სარწყავი არ გვაქვს. ონკანებში დაბინძურებული წყალი მოედინება. ამის მიუხედავად, დააყენეს მრიცხველები და თვეში 100-150 ლარის გადახდა გვიწევს”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობის მოთხოვნებს ადგილზე გაეცნო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, თუმცა, მოსახლეობასა და მერს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტება, რამაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

მათი განცხადებით, მრიცხველების გაუქმება დებეტს შეამცირებს და წყლის მიწოდება ვეღარ მოხდება.

ცნობისთვის, ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რა დროსაც გაკეთდა ორი სათავე ნაგებობა, სამი ახალი ჭაბურღილი და 123 – კილომეტრიანი წყლის სისტემა სრულად შეიცვალა.

ცნობისთვის, ლაგოდეხში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გუშინაც გამართეს.