თელავში წყლის სისტემის რებილიტაცია-მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დაიწყება

547

საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანია ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია–მშენებლობის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. აღნიშნული პროექტის წინასწარი ეკოლოგიური და სოციალური კვლევის ანგარიშის საჯარო განხილვა კომპანიამ თელავის მოსახლეობასთან უკვე გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიში აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მომზადდა. შეხვედრას კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი და კახეთის გუბერნატორის მოადგილე, პლატონ კალმახელიძე დაესწრნენ.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. გიგა მანდარიამ თელავის მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინა და ადგილობრივებს საკითხის დროულად გადაჭრას დაჰპირდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომპანიის დირექტორი ადგილობრივებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე წყლის ქსელის პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებსაც გაეცნო.

„თელავში ამ დროისთვის ვახორციელებთ წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია, დაახლოებით, 4 600–მდე აბონენტის გამრიცხველიანება, 11 კმ ქსელის შეცვლა და სამი ახალი ჭაბურღილის მშენებლობა. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც საგრძნობლად გაუმჯობესდება წყლის მიწოდების გრაფიკი. რაც შეეხება დაგეგმილ პროექტს, აღნიშნული პროექტი თელავის წყალმომარაგების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მოსახლეობის 24 -საათიან წყალმომარაგებას ითვალისწინებს“, – განაცხადა გიგა მანდარიამ.

როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ხუთი ახალი რეზერვუარი აშენდება და ორი არსებული რეზერვუარი რეაბილიტირდება, მოეწყობა ახალი ჭაბურღილები და რეაბილიტირდება ხუთი არსებული ჭაბურღილი. ასევე, წყალმომარაგების ახალი ქსელით ჩანაცვლდება მოძველებული მაგისტრალური ქსელი.

  1. კომპანიის ცნობით, სამუშაოები 2020 წლის ბოლოს დაიწყება და დაახლოებით, ორ წელიწადში დასრულდება. მისი დასრულების შემდეგ, 6 800–მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.