გახარია: კომუნალური ხარჯების დაფარვა მილიონ 200 ათას ოჯახს შეეხო

522

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კომუნალური ხარჯების დაფარვით სახელმწიფოსგან მილიონ 200 ათასმა ოჯახმა ისარგებლა. ამ თემაზე მან პარლამენტში მოხსენების დროს ისაუბრა.

“ჩვენ მივიღეთ პირველი გადაწყვეტილება კომუნალური ხარჯების სრულად დაფარვის თაობაზე, ეს კომუნალური ხარჯების დაფარვა შეეხო, როგორც ფაქტი, მომავალში კი არ ვამბობ, უკვე შეეხო მილიონ 200 ათას ოჯახს”, — თქვა გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით, სამი თვით ბანკის სესხის გადავადების სერვისით 600 000-მა ფიზიკურმა პირმა ისარგებლა. გახარიას განმარტებით ეს იყო “ცეცხლის ჩაქრობა” და ამას ანტიკრიზისულ გეგმას არავინ ეძახის.

დღეს, 27 მაისს პრემიერმინისტრი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება. ის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე საუბრობს.

შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.