სოფელ არლიდან წარბასთუმნამდე დაახლოებით სამ კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. იგი ორ ეტაპად განხორციელდება და მილიონ-ნახევარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ადიგენში, სოფელ არლიდან წარბასთუმანში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 26 მარტს, 1 478 270 ლარზე გამოცხადდა. თანხის 96% სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 4% კი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ტენდერში შპს „არალმა“ გაიმარჯვა. მასტან ხელშეკრულება 15 მაისს გაფორმდა.
პროექტი დაყოფილია ორ მონაკვეთად:
N1 მონაკვეთი: მოიცავს 2 კილომეტრსა და 194 მეტრს – „აღნიშნული მონაკვეთის გრძივი პროფილი დარჩა უცვლელი, რადგან დასახლებულ პუნქტში გრძივის აწევით შეიზღუდებოდა მოსახლეობა, გადაეკეტებოდა ეზოში შესასვლელები.
განივი პროფილი მისი სიგანიდან გამომდინარე დაპროექტდა ცალმხრივად, რათა გზაზე მოსული წყლის არიდება მომხდარიყო ერთი რიგი რკინა-ბეტონის კიუვეტის გამოყენებით. კიუვეტები დაიხურა მყარი ლითონის ცხაურებით ნაწილობრივ. პროექტის შედგენის დროს მაქსიმალურად იქნა გამოყენებული გზის სიგანე, თუმცაღა უმეტეს შემთხვევებში ვერ აღწევს ნორმით გათვალისწინებულს“, – წერია სატენდერო დოკუმენტში.
N2 მონაკვეთი, მოიცავს 627 მეტრს – „ აღნიშნული მონაკვეთის არსებული გრძივი ქანობი ფაქტიურად შენარჩუნდა, რადგან ამ ტერიტორიაზე მდებარეობს სამოსახლკარო ნაკვეთები“.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. უფრო კონკრეტულად:
– ქვესაგები ფენა – ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით სისქით 20 სმ.
– საფუძველი – ქვიშა–ხრეშოვანი ნარევი სისქით 20 სმ.
– საფარი – არმირებული ცემენტობეტონის სისქით 20 სმ.
ტენდერში გათვალისწინებულია, რომ უნდა მოეწყოს ეზოში შესასვლელები, მიერთებები, საგზაო ნიშნები. სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს.