აუდიტი: 2019 წელს შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება სახელმწიფო უწყებებში 25 მილიონით გაიზარდა

682

წინა სტატია

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს გადასახადის გადამხდელებს იმ მოხელეთა ანაზღაურება, რომლებიც “შტატგარეშეს” სტატუსით არიან დასაქმებული 242.2 მილიონი ლარი დაუჯდათ, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25 მილიონი ლარით მეტია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ საჯარო უწყებებში შტატგარეშე მოხელეების დანიშნვის პროცედურები, შტატიანი დასაქმებულების აყვანასთან შედარებით მარტივია, რის გამოც, ხშირად ამა თუ იმ ორგანიზაციაში უშტატო მოხელეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

რაც შეეხება შტატში მყოფთა ჯამურ ანაზღაურებას, მისი გაცემა ბიუჯეტის “შრომის ანაზღაურების” მუხლიდან ხდება და მისმა ფაქტობრივმა შესრულებამ 2019 წელს 1.454 მილიარდი ლარი შეადგინა. შესაბამისად, ჯამურად სახელმწიფო აპარატის (შტატიანის და უშტატოს) შენახვა გადასახადის გადამხდელებს 2019 წელს 1.697 მილიარდი ლარი დაუჯდათ. შედარებისთვის, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 1.602 მილაიარდი ლარი იყო. შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება “საქონელი და მომსახურების” კატეგორიიდან ხდება. ამავე მუხლიდან გაიცემა მივლინებების ანაზღაურებაც, რაც 2019 წელს 80.8 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს 2018 წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით მეტი იყო.

კანონის მიხედვით, უწყებებში შტატგარეშეთა რაოდენობა 2%-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ზღვრის გადაჭარბება მთავრობის ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ. ამავდროულად, საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არ არსებობს ზღვარი თუ რამდენი ხანი შეიძლება იყოს ადამიანი უშტატოდ დასაქმებული. მაგალითად, საფრანგეთში ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მოხელე ან შტატში უნდა ჩასვან ან გაათავისუფლონ, პოლონეთში ანალოგიური ვადა 3 წელია, ისრაელში კი 15 თვე.