ყვარელში დოლოჭოპის ადრეშუასაუკუნეების უნიკალური სატაძრო კომპლექსის ტერიტორიის დატბორვისა და კულტურული ფენების დაზიანების გამომწვევ ობიექტურ მიზეზს გარემოს დაცვის სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული ჰიდრო-გეოლოგიური დასკვნა დაადგენს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მათი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, გარემოდაცვითი უწყების მიერ სრულად იქნება შესწავლილი ისტორიული ძეგლის წყლით დატბორვის მიზეზები.
,,სრულად იქნება შესწავლილი ილიას ტბის ხელოვნური წყალსატევის მდინარე დურუჯის წყლით შევსების მიზნით მოწყობილი არხის გარემოზე ზეგავლენის შედეგობრივი კავშირი ეროვნული კატეგორიის ძეგლის ისტორიული სამარხების პერიოდულ დატბორვასთან.
კვალიფიციური დასკვნის მიღების შემდეგ, სააგენტო მისი უფლებამოსილების ფარგლებში კატეგორიულად მოითხოვს შესაბამისი სუბიექტების მხრიდან გამოწვეული შედეგების დაუყოვნებლივ არმოფხვრას. ხელოვნური წყალსატევის წყალშემვსები არხის გრუნტიდან დოლოჭოპის არქიტექტურული კომპლექსის დატბორვის შესაძლებლობის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო აღნიშნული არხის კალაპოტის ალტერნატიული და უსაფრთხო მიმართულებით გაყვანის ინიციატორი იქნება.
ამ დრომდე, შექმნილ გარემოებებში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნიშნების შესწავლის თხოვნით სააგენტომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში მიმართა შსს-ს კახეთის პოლიციის ყვარელის მუნიციპალიტეტის პოლიციის სამმართველოს. ვითარების გამოსწორების თხოვნით წერილობით მიემართა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიასაც. გარემოებების გამომწვევი ობიექტური მიზეზების გარკვევის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და გარემოს ერონულ სააგენტოს სამუშაო ჯგუფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე ორჯერ იმყოფებოდა. დოლოჭოპის ადრეშუასაუკუნეების სატაძრო კომპლექსის პრევენციული დაცვის სამოქმედო გეგმის განსაზღვრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უპირატესად ძეგლთა დაცვითი პრინციპებით იხელმძღვანელებს, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მოქალაქეებისთვის ილიას ტბის წყალსატევის სამელიორაციო დანიშნულების ფაქტორიც“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.