დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია სათადარიგო ავტობუსებსაც დაამატებს.
მისი თქმით, დედაქალაქს სულ 700 ავტობუსი ჰყავს.
“დამატებითი რესურსი არის ის ავტობუსები, რომელიც გააჩნია დედაქალაქის მერიას. ჩვენ დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს, აქედან 500 გასულია ნორმალური ცხოვრების პირობებში და ემსახურება ქალაქის მოსახლეობას და თუ ამის საჭიროება იქნება დაემატება სათადარიგო ავტობუსებიც და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ შეაჩერეს, საუკეთესო მაგალითი არ არის. მისივე თქმით, საქართველო ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
„ზუსტად იმ ქვეყნებში, რომლებშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო გაჩერებული და არ მიიღეს ის ზომები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ, შედეგებიც ვნახეთ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ . საქართველოს მოდელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, მხედველობაში მაქვს ის გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა და ზუსტად ამის გამო, ჩვენ ავიცილეთ ყველაზე დიდი საფრთხე – ადამიანების სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში იყო ძალიან მძიმე შედეგი ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.
დღეს კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადღგენის სავარაუდო დრო დაასახელა. თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრანსპორტი მუშაობას, ალბათ, ივნისის დასაწყისში განაახლებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა.
საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;
შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა; შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 731 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 526 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.