ქუთაისის მერიას ტურისტული სლოგანის მომზადებისთვის დახარჯული 50 ათასი ლარის გამო აკრიტიკებენ

846

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერიას, ტურისტული სლოგანის მომზადებისთვის დახარჯული 50 000 ლარის გამო აკრიტიკებს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი, გიგა შუშანია აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ სლოგანი გაუგებარი შინაარსისაა, გაუმართლებელია მისთვის გაღებული ხარჯებიც. ოპოზიციონერი დეპუტატი, ასევე, აპროტესტებს ტურიზმის ცენტრის მიერ გიდების გადასამზადებლად 60 000 ლარის დახარჯვას და მიიჩნევს, რომ თანხა, რომელსაც მერია არამიზნობრივად ხარჯავს, პანდემიით დაზარალებულ ოჯახებს უნდა მოხმარდეს.

“ქუთაისის მერია აგრძელებს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას. ამის მაგალითია ქალაქის რებრენდიგისთვის დახარჯული 50 000 ლარი, რომლის შედეგადაც მივიღეთ სლოგანი “ქუთაისი ქალაქია”, რომელიც სინამდვილეში არაფრის მთქმელი არ არის, მითუმეტეს უცხოელი ტურისტებისთვის. გარდა ამისა, ახლა, როცა ტურიზმი გაჩერებულია, ტურიზმის ცენტრმა გამოაცხადა 60 000 ლარიანი ტენდერი და აპირებს 20 გიდს ჩაუტაროს ტრენინგი. რა დროს გიდების გადამზადებაზე ზრუნვაა, როცა კონკრეტული ადამიანები შიმშილობენ?! ეს ორივე ხარჯი, სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ 1100 პენსიონერს მედიკამენტების ვაუჩერი მიეღო, 50-მდე გიდისთვის კი, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქუთაისში, 300 ლარიანი დახმარება მიეცათ. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქუთაისის მერია გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ცდილობს საკუთარი კომფორტისთვის გათვლილი თანხების დახარჯვას”,-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის ტურიზმის ცენტრში კი ოპოზიციონერი დეპუტატის კრიტიკას საპასუხოდ განაცხადეს, რომ შუშანიას კრიტიკა უსაფუძვლოა.

”ნებისმიერი პროექტის განხილვამდე ან გაკრიტიკებამდე მიზანშეწონილია გაეცნო პროექტის შინაარსს და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას მინიმუმ იმისთვის მაინც, რომ კრიტიკა საფუძვლიანი იყოს, თუ ეს არ ემსახურება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და გათვლილია იმაზე, რომ არსებული ხარვეზი გამოსწორდეს, თუმცა ვფიქრობთ, ამ შემთხვევაშიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის განცხადება დარგზე ან თანამოქალაქეებზე გულისტკივილით არ გაკეთებულა.

გიდების გადამზადების პროგრამა წლის დასაწყისში დაიგეგმა და ტენდერი კორონავირუსის პანდემიადე გამოცხადდა. საკრებულოს დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ააიპის პირდაპირი, სამართლებრივ აქტებში გაწერილი ვალდებულებაა სექტორის ხელშეწყობა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტების კვალიფიკაციის ამაღლება. ვერავის დავპირდებით, რომ სამსახური საქმიანობას არ გააგრძელებს, პირიქით, მივიჩნევთ, რომ ახლა ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

რაც შეეხება განცხადებას ფინანსური სუბსიდიების გაცემასთან დაკავშირებით, ბატონ გიგა შუშანიას შევახსენებთ, რომ რეგიონალურ დონეზე ააიპ-ს არ აქვს უფლება მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები, ეს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა”, – ნათქვამია ტურიზმის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქის ტურისტული კლიპისა და ლოგოს შესაქმნელად 50 000 ლარი დახარჯა.ქალაქის რებერენდიგზე კერძო კომპანია “მილენიალ ჰაბმა” იზრუნა. საბოლოოდ, სლოგანმა “ქუთაისი ქალაქია” საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ქუთაისის მერიამ ტურისტული ლოგო და სლოგანი ერთხელ უკვე შექმნა. 2016 წელს სლოგანი “ქუთაისი ღიმილის ქალაქია” ბიუჯეტს 6000 ლარი დაუჯდა.