ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

925

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დარბაზში მიმდინარე სამუშაო პროცესი დაათვალიერეს. ძიუდოს დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შიდა სივრცეში შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, განათების და წყალგაყვანილობის სისტემა, მოეწყობა თანამედროვე ტიპის საშხაპეები და გასახდელი. გამოიცვლება სახურავი და შეკეთდება ფასადიც.

„ქუთაისს აქვს უდიდესი სპორტული ტრადიციები. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება სპორტსმენთა ახალ თაობას, რომ რაც შეიძლება კარგი შედეგები ჰქონდეთ. ძიუდოს დარბაზი წლების მანძილზე არ შეკეთებულა და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მძიმე სავარჯიშო პირობები იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ისინი გაცილებით კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ წვრთნას,“ – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

ძიუდოს დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 70769 ლარია და ის ივნისის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.