სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას სამცხე-ჯავახეთში ეცნობიან

1024

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ საქართველოს რეგიონებში შეხვედრები იმართება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივ ფერმერებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე კაპანაძემ წარუდგინეს.

„შეხვედრას, რომელიც ახალციხეში გაიმართა, ესწრებოდნენ, როგორც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, ასევე ფერმერები და სოფლის მოსახლეობა. საუბარი იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ანტიკრიზისულ გეგმაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათები ექნებათ ჩვენს ფერმერებს, რაც, ვფიქრობ, მათ შესაძლებლობას მისცემს, შემოდგომაზე უფრო მეტი მიწა დაამუშაონ. სახელმწიფო შეღავათები არის სამელიორაციო მომსახურებაზე, ასევე მოსავლის აღების სამუშაოებზე. ფერმერები მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ აგროდიზელზეც. მიწის მესაკუთრეებისთვის ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდია მნიშვნელოვანი დამატებითი მოტივაციაა მათთვის” – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

თორნიკე კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ფერმერებსა და აგრობიზნესით დაკავებულ პირებს გააცნონ ანტიკრიზისული გეგმა, რაც მოიცავს როგორც პირდაპირ, ასევე სექტორულ მხარდაჭერას.

„სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამებით თითოეულ ფერმერს შეუძლია, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.