პეტიცია: ხაშურ-სურამის გაუქმებულ ლიანდაგზე გაკეთდეს ბულვარი ველობილიკებით

1213

წინა სტატია

“ჩვენ ხაშურის მოსახლეობა ვითხოვთ, ხაშურიდან სურამამდე, სადაც გაუქმებული ლიანდაგია, მოეწყოს ბულვარი ველობილიკებით. თუ ეს პროექტი განხორციელდება ხაშურ სურამის განვითარებაც დაიწყება,”- ველობილიკების მოწყობის მოთხოვნით ადგილობრივმა ახალგაზრდებმა პეტიცია შეადგინეს. 

“ხაშურიდან სურამში მიმავალი ლიანდაგი უფუნქციოა, სურამის ყოფილი რკინიგზის სადგური – მიტოვებული და გაპარტახებული. სანაგვედ ქცეული ადგილი, რომელიც წლებია არავის ჭირდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მთავრობა დიდ და სტრატეგიულ გათვლებს აკეთებს ტურიზმზე. სურამის სადგურისა არ იყოს, ეს თემაც არავის აინტერესებს და სურამიც დაახლოებით ისეთ მდგომარეობაშია, როგორც მისი რკინიგზის სადგური.

ამასაც რომ თავი დავანებოთ და ჩვენ უბრალო ხალხმა უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენ ვისაც გვტკივა და გვიყვარს ჩვენი ქალაქი.

წლების განმავლობაში არცერთ ხელისუფლებას ხაშურისთვის არაფერი გაუკეთებია თვალსაჩინო.
ჩვენ ხაშურის მოსახლეობა ვითხოვთ, ხაშურიდან სურამამდე, სადაც გაუქმებული ლიანდაგია, მოეწყოს ბულვარი ველობილიკებით. თუ ეს პროექტი განხორციელდება, ხაშურ სურამის განვითარებაც დაიწყება. ბულვარის გასწვრივ მიეწყობა უამრავი ბიზნეს ფართები სადაც ხალხიც დასაქმდება და შემოსავალი გაუჩნდება მოსახლეობას.

ხაშურსა და სურამში ტურიზმის განვითარებისთვის ეს პროექტი იქნება უნიკალური,”- წერია პეტიციაში.

პეტიციის ავტორი ხაშურში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, ზაზა მეხრიშვილია.

ცნობისთვის, სურამის ძველი რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ბულვარის მოწყობის მიზნით საკუთრი მოსაზრება ჯერ კიდევ 2019 წელს სკოლის მოსწავლეებმაც გამოთქვეს. “ბულვარი – სურამის ახალი სიცოცხლე” – ასე ერქვა პროექტს, რომელიც ახალგაზრდებმა მერიას წარუდგინეს. მისი ავტორები დაბაში მცხოვრები ახალგაზრდები – მარიამ ბარბაქაძე, თამარ კიკნაძე და საბა ბარბაქაძე არიან.

ახალგაზრდების ამ იდემა გასული წლის ნოემბერში გაიმარჯვა 5 მუნიციპალიტეტში დაწყებული პროექტში – „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ბულვარის მოწყობა სურამის რკინიგზის მიტოვებულ ტერიტორიაზეა შესაძლებელია. იყო დრო, როდესაც ხაშურიდან სურამში მატარებელი დადიოდა, თუმცა, უკვე ათწლეულებია, რკინიგზა გაუქმებულია, მატარებელი აღარ დადის, შენობები უპატრონობისგან ნელ-ნელა ინგრევა და ნადგურდება, ტერიტორია კი დაბინძურებული და გასაწმენდია.

ეს ტერიტორია დღემდე საქართველოს რკინიგზის საკუთრებაშია და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა მის მოვლა-პატრონობას ვერ ახერხებს, საქართველოს რკინიგზას კი ამ უნიკალურ კურორტზე არსებული თავისი ქონება უპატრონოდ აქვს მიგდებული.