ქუთაისში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინებით, რამდენიმე კომპანიამ მუშაობა განაახლა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შპს „ჯი არ სის“ და შპს „სიარპი ვუდ დეველოპმენტს“, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა და მათ სამუშაო პირობებს გაეცნო.
კომპანიებმა, რომლებსაც ბიზნესსაქმიანობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით შეუჩერდათ, მუშაობის განახლება მხოლოდ შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების გავლის შემდეგ შეეძლეს.
„შპს „ჯი არ სი“ ქუთაისში 2 წელია ფუნქციონერებს, გადასახურ მასალებს აწარმოებს, აგრეთვე ბაზარს სამშენებლო მასალებით ამარაგებს. საგანგებო მდგომარეობის გამო კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი უმუშევარი დარჩა, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციებს მიიღებენ. შპს „სიარპი ვუდ დეველოპმენტი“ სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ასევე ხისა და ლითონის ნაკეთობებს, კარ-ფანჯარას, ავეჯს აწარმოებს. ამასთანავე, ის არის ჩეხური კომპანია “Czech Energy Team”-ის პარტნიორი, რომელმაც საქართველოში დაიწყო მზის ენერგოსისტემათა პროექტირება -მონტაჟი და საექსპლუატაციო მომსახურება. სიარპი ვუდ დეველოპმენტმა“ ყველა თანამშრომლის შენარჩუნება შეძლო და მუშაობის განახლების შემდეგ რამდენიმე ახალი კადრიც მიიღო.
„ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად ამოქმედდეს ის საწარმოები, რომელთა საქმიანობა ინფრასტრუქტურული პროფილისაა. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ადამიანები დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე“, – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა.
ორივე კომპანიაში სამუშაო პროცესი ჯანდაცვის და შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.