აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში პლენარულ სხდომაზე განიხილება და მას ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარადგენს, – აცხადებენ აჭარის უმაღლეს საბჭოში.
„უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა იწყება. ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი რომანაძის მიერ სხდომაზე გამოტანილ ორივე საკითხს ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე, რომელიც აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, მომზადებულია პლენარული სხდომისათვის.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ – დავით გაბაიძემ წარმოადგინა: კანონის პროექტს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ წამყვანი კომიტეტი ერთდღიან ვადაში განიხილავს.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს, ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტები რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში განიხილავენ.
ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2020 წლის 24 თებერვლის N9 გადაწყვეტილებაში შესატან ცვლილებასაც, რომლის თანახმადაც, 21 მაისს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, კანონმდებლები განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს, 11 ივნისს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს, 22 ივნისს კი სოფლის მეურნეობის მინისტრს ტიტე აროშიძეს მოუსმენენ.
ბიურომ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსის ზურაბ ჭურკვეიძის მიერ სხდომაზე გამოტანილ პროექტს, რომელიც უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში ცვლილებას ითვალისწინებს. სხდომის დასარულს, განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 21 მაისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.