კალაძე: მიკროავტობუსების ჩანაცვლების თაობაზე ტენდერი გამოცხადებული იყო, თუმცა, ამ სიტუაციის გამო, დროებით შევაჩერეთ

1229

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების შესყიდვა, არსებული კრიზისიდან გამომდინარე დროებით შეჩერდა, თუმცა ისინი აუცილებლად განახლდება. ამასთანავე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პარალელურად, დედაქალაქის ინფრასტრუქუტურაც მოწესრიგდება.

„მოწესრიგებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება და იქნება ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას. გარდა ამისა, მიკროავტობუსების ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ტენდერი ფაქტობრივად გამოცხადებული იყო, თუმცა ამ სიტუაციის გამო, დროებით შევაჩერეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ განხორციელდება მიკროავტობუსების შესყიდვა, აუცილებლად განახლდება და მიკროავტობუსებიც იქნება განახლებული და მოწესრიგებული. პარალელურად, ჩვენ ამ პროექტების განხორციელების დროს, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმას, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, განახლდეს და შეიქმნას საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეძლოს ყოველგვარი პრობლემების გარეშე გადაადგილება,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საქართველოში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 713 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 475 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.