ზურაბ ბაქრაძე: წლებია, მოსახლეობა ოქროს უბანში 1,5 ჰექტარზე პატარა პარკის გაშენებას ითხოვს და არ აკეთებენ, რომელ მწვანე ქალაქზე უნდა ვილაპარაკოთ?!

2538

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

“პარკი ოქროს უბანს!” – ამ მოთხოვნით რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობის, სპეციალისტებისა და აქტივისტების მიერ თბილისის მერიასთან დაწყებული ბრძოლა, რომ ქალაქის ამ ძველ უბანში მწვანე სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყოს, დღესაც გრძელდება. მოსახლეობა ჯერ ისევ უშედეგოდ ითხოვს 1,5 ჰექტარ მიტოვებულ, ერთ დროს გამწვანებულ ფართობზე, პარკის გაშენებას. საქმე ეხება ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიას.

პარკის მოთხოვნით აქციებიც არაერთხელ გაიმართა, წლის დასაწყისში კი პეტიცია შეიქმნა მერიის მიერ შექმნილ ინტერნეტ პორტალზე „შენი იდეა ქალაქის მერს”. საჭირო 2500 ხმაც შეგროვდა, განხილვის ვადაც დასრულდა, თუმცა, თბილისის მერიისგან პასუხი არ ჩანს.

“ყველაფერი ლაპარაკობს იმაზე, რომ ქალაქის მმართველობის, მოქალაქეთა ხელში არის 1,5 ჰექტარი ტერიტორია, ყველას უნდა იქ გამწვანებული ადგილი სპორტული მოედნით და მერია ამას არაფრით აკეთებს. აქიდან ჩანს, რომ რეალურად, სიტყვები – “თბილისი მწვანე ქალაქი უნდა გახდეს”, ჯერ მხოლოდ ცარიელ სიტყვებად რჩება. ოქროს უბანში პარკი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეს სიმბოლური ნაბიჯი მაინც იქნება ქალაქისთვის.

საბჭოეთის დროს თბილისში ერთ მოსახლეზე 8 კვ/მ მწვანე სივრცე იყო. ახლა, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის მიხედვით, იგივე ტერიტორიაზე თუ დავითვლით მონაცემებს და არ მივათვლით კიკეთს, წყნეთს და იმ ტერიტორიებს, სადაც ტყეებია, მაშინ ერთ მოსახლეზე მხოლოდ 3,5 კვ/მ გამოდის, რაც სრული კატასტროფაა. დღეს თბილისი ნამდვილი ბეტონის ქალაქია. სადაც კი ადგილს ნახავენ, კორპუსებს დგამენ. “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ფაქტობრივად, თბილისის განადგურების პოლიტიკა შექმნა და ამას წარმატებით აგრძელებს “ქართული ოცნება”, – აცხადებს droa.ge-სთან საუბრისას ზურაბ ბაქრაძე, ა(ა)იპ “მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორია – თბილისის” დირექტორი.

– “პარკი ოქროს უბანს!” – ამ მოთხოვნით 24 იანვარს შექმნილი პეტიციის განხილვის ვადა დასრულებულია. თქვენ ხართ ამ იდეის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. არის რაიმე სიახლე, მიიღეთ თბილისის მერიისგან პასუხი?

თებერვალში საზოგადოებამ მერიის პლატფორმაზე – “შენი იდეა ქალაქის მერს” ოქროს უბანში პარკის დაარსების მოთხოვნა 2 500 ხელმოწერით დაადასტურა და ამით დაავალდებულა მერია, საკითხი შეესწავლა. წესების მიხედვით, პეტიციის განხილვის ვადა უკვე დასრულებულია და წესით, ან მეილით უნდა მოეწერათ, ან დაერეკათ განხილვის შედეგების შესახებ, თუმცა, ეს არ გააკეთეს. არანაირი პასუხი არ მიგვიღია. შემდეგ ჩვენ სხვა მსგავსი შემთხვევებიც მოვიძიეთ და აღმოჩნდა, რომ თბილისის მერია ასეთ განაცხადებებზე პასუხს ხშირად არ იძლევა. ეჭვი ჩნდება, რომ “ჩემი იდეა ქალაქის მერს” არ მუშაობს და სინამდვილეში მერიას მოსახლეობის იდეები არ აინტერესებს.

– თქვენ და თქვენი გუნდი, ასევე, გეგმავდით, რომ უშუალოდ კახა კალაძის სახელზეც მიგეწერათ წერილი და ამ წერილზე თუ გაქვთ პასუხი?

– ჩვენ თბილისის მერის სახელზე ჯერ ღია წერილი გამოვაქვეყნეთ, შემდეგ მერიაშიც შევიტანეთ იგივე განაცხადი, სადაც სპეციალისტები მოითხოვდნენ პარკის მოწყობას. არც ამ წერილზე მიგვიღია პასუხი. ახლა მერიისა და საკრებულოს მაღალი რანგის მოხელეებისგან გავიგეთ, რომ “Adjara Group”-ის მფლობელ თემურ უგულავას გაუჩნდა ამ ტერიტორიის ინტერესი და კახა კალაძე მას გაურიგდა. “Adjara Group”-მა გააკეთა “ფაბრიკა”, ახლა, ასევე, შეისყიდა პურის ქარხანა, სწორედ ამ საპარკე ადგილის გვერდით და ახლა ამ ადგილის ხელში ჩაგდებაც სურს, თუმცა, მოსახლეობა ამას არ დათმობს. ჩვენ რამდენი წელია ამ ადგილისთვის ვიბრძვით. ჯერჯერობით, ეს ტერიტორია ისევ ქალაქის საკუთრებაშია. ჩვენ ხშირად ვამოწმებთ ამას, რომ ჩვენს ზურგს უკან არ მოხდეს ტერიტორიის პრივატიზება, მაგრამ მერიიდან და საკრებულოს მაღალჩინოსნებისგან მიღებული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა.

ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. მოსახლეობას პარკი ძალიან უნდა. გამონაბოლქვისა და ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო აქ უმძიმესი მდგომარეობაა. ამ ადამიანებს გამწვანებული ადგილი არ აქვთ.

– თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რისი გაკეთება სურს “Adjara Group”-ს იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა პარკის მოწყობას ითხოვს?

– როგორც კულუარებში გვითხრეს, უგულავას ამბობს, რომ არაფერს ააშენებს; ხან ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე ბიობაზრობის გაკეთება  უნდა, ხან ამბობს, რომ სარეკრეაციო სივრცის გაკეთება უნდა. ამბობს, რომ ჩემი საკუთარი იქნება, მაგრამ მაინც იგივეს გავაკეთებ, რაც მოსახლეობას უნდაო, რასაც ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ და არაგულწრფელი გვგონია.

პარკის გაყიდვა არ შეიძლება, არავინ იცის, მესაკუთრე რა პირობებს შექმნის. შესაძლოა, გაყიდოს კიდეც, ჩვენთან სპეკულაცია საერთოდ არ არის აკრძალული და შეიძლება ახალმა მყიდველმა შეცვალოს მიდგომა, სხვა მიზნები გაუჩნდეს. არავინ იცის, რომ აქაც იგივე არ მოხდება, თემურ უგულავა დღეს იტყვის, რომ ბიობაზარი უნდა, თუმცა, შემდეგ შეიძლება გაყიდოს და ახალმა მეპატრონემ იქ მშენებლობა დაიწყოს. ამის ალბათობა დიდია.

ოქროს უბანს მწვანე სივრცე აუცილებლად სჭირდება. ამ პრივატიზების ტალღის შემდეგ, რომელიც 1990-იანი წლებიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება, ქალაქში თითქმის აღარ დარჩა საზოგადოებრივი სივრცე. საზოგადოებრივი სივრცეები ყველა ადამიანის თანასწორ მოხმარებაში უნდა იყოს, ამაში ფული არ უნდა იხდებოდეს. ეს არის ისეთი სიკეთე, რომელიც უშუალოდ მოქალაქეებისაა. ასეთი სივრცეებია: ქუჩები, მოედნები, პარკები, წყლის ზედაპირები, ისეთი ადგილები, სადაც ყველა ადამიანს უნდა შეესვლებოდეს დაუბრკოლებლად. მთელ მსოფლიოში ეს ასე ფუნქციონირებს.

ევროპაში ვერ ნახავთ რამდენამდე მაინც მნიშვნელოვან პარკს, რომელიც კერძო საკუთრებაშია. არის ერთი-ორი კერძო საკუთრებაში არსებული პარკი, მაგრამ იქ განსაკუთრებული წინაპირობებია. ჩვენ თბილისშიც გვაქვს შემთხვევები, როდესაც კერძო პირის ხელში აღმოჩნდა პარკი. ეს არის მთაწმინდის პაკი და აღმაშენებელზე, ყოფილი გორკის პარკი, რომელსაც ახლა ილიას პარკი ჰქვია და რომელიც კერძო პირს მრავალწლიან იჯარაში აქვს აღებული. ეს ადამიანი სულ ჩიოდა, რომ პარკი წაგებაშია და ამის გამო ბოლოს ბაღში სასტუმროც ააშენა და ამით „გაამართლა“ პარკის შენახვა. „მაიდან ჯგუფზე“ ვლაპარაკობ. მსოფლიო გამოცდილებამ იცის, რომ კერძო პირს პარკიდან მოგება ვერ ექნება, ამიტომ ის ქალაქის საკუთრებაში უნდა იყოს და ყველა ადამიანს იქ თავისუფლად შესვლის საშუალება უნდა ჰქონდეს.

– დღეს რა ხდება ოქროს უბნის ამ ტერიტორიაზე?

– ადრე, მეფის რუსეთის დროს, აქ საარტილერიო მოედანი იყო და უფრო დიდ ტერიტორიასაც მოიცავდა. საბჭოეთის დროს, 1930-იან წლებში, სპორტული კომპლექსი გაკეთდა. აქ იყო დარბაზი კალათბურთისთვის, სხვადასხვა სპორტული სახეობებისთვის. დღევანდელი ჩუბინაშვილის ქუჩის მომიჯნავედ იყო სპორტსმენებისთვის საცხოვრებლები. ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე კი გაკეთდა სტადიონი, სადაც  იყო 400 მეტრიანი სარბენი ბილიკი. ასევე, გაჩნდა ცნობილი 35-ე სკოლა, სადაც ძალიან ბევრი ფეხბურთელი გაიზარდა. ეს იყო სპორტული კომპლექსი ფეხბურთის მოედნით, მძლეოსნური ბილიკებით, დარბაზით და საცხოვრებლებით. პოსტსაბჭოთა დროს ეს ტერიტორია გაიყიდა “ცენტრ პოინტზე”. მან სპორტული კომპლექსი დაანგრია. აქ ბაზრის მოწყობა უნდოდა, რომელმაც არ იმუშავა. თემურ უგულავამაც უნდა გაითვალისწინოს ეს, რომ აქ ბაზარი ვერ იმუშავებს. ბიობაზარი ევროპაშიც არ მუშაობს, არათუ აქ. შემდეგ “ცენტრ პოინტმა” მშენებლობასაც ვერ მოაბა თავი. რაც მთავარია, კომპანიამ ის პირობები ვერ შეასრულა, რაც ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული ქალაქის მმართველობის წინაშე. ამის გამო მას ტერიტორია ჩამოართვეს. შემდეგ გამოჩნდა “m2”-ის ინტერესი, რომელსაც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა სურდა. თავს იმით იმართლებდა, რომ “ცენტრ პოინტის” მიერ გადაგდებულ ხალხს დააკმაყოფილებდა, თუმცა, ამის გამო დიდი ხმაური და პროტესტი ატყდა. მოსახლეობას ეს ტერიტორია ახსოვს, როგორც სარეკრეაციო სივრცე. წლების წინ ხალხი ამ ტერიტორიას სარეკრეაციოდ და სავარჯიშოდ იყენებდა. ბევრი დარბოდა, თამაშობდა. მოსახლეობას სარეკრეაციო სივრცე ენატრება და ამიტომაც “m2”-ის მიერ კორპუსების მშენებლობის სურვილს წინ აღუდგენენ. სპეციალისტებმაც ძალიან ვიაქტიურეთ. რამდენჯერმე დავწერეთ წერილი ქალაქის მმართველობის მიმართ, ორჯერ შეგროვდა ხელმოწერებიც, რომელსაც პასუხი მაშინაც არ მოჰყოლია. “m2”-მა მოსახლეობის აღშფოთების და წნეხის გამო თავად თქვა მშენებლობაზე უარი. ამის შემდეგ მოსახლეობა აქტიურად იწყებს სარეკრეაციო სივრცის მოწყობის მოთხოვნას. ახლა კი, ვხედავთ, რომ წავიდა “m2” და გამოჩნდა თემურ უგულავა, რომელსაც ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურს. მოსახლეობა ამას არ შეეგუება.

– და ახლა რა ხდება ამ ტერიტორიაზე?

– სადაც კალათბურთის დარბაზი იყო, მოჭიდავეები არიან შესულები და ბავშვებს ავარჯიშებენ თანხის გარეშე. ერთ შენობაში დევნილები ცხოვრობენ.

– თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ ტერიტორიის მოწყობა?

– ჩვენმა ჯგუფმა ოქროს უბნისთვის გააკეთა პროექტი, ოქროს უბნის განაშენიანების გეგმა. მთელი ეს პროექტი 10 ჰექტარს მოიცავს. ეს არის ოთხი კვარტალი, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის, გოგოლისა და ნინოშვილის ქუჩებს შორის. ამ ოთხი კვარტლიდან ერთ-ერთია ის 1,5 ჰექტარი, რაზეც თემურ უგულავა ინტერესს გამოთქვამს და სადაც მოსახლეობას სარეკრეაციო ზონის მოწყობა სურს.

ჩვენი წინადადება მერიას წარვუდგინეთ. ჩვენი წარმოდგენით, აქ უნდა იყოს პარკი თავისი სპორტული მოედნებით. ერთ-ერთ ნაგებობაში სპორტული დარბაზები მოეწყოს, მეორეში, ვფიქრობთ, გაკეთდეს საქალაქო მომსახურების კულტურული ცენტრი, სადაც ძალიან იაფად, ან საერთოდ უფასოდ შესაძლებელი იქნება ახალგაზრდებისთვის კულტურული წრეების გაკეთება. ეს იქნება ხატვის, ქანდაკების, მუსიკის და ა.შ. ჩვენ გვინდა, შევქმნათ სათემო სახლი. ეს თვითმმართველობის იდეას კარგად უკავშირდება. გვინდა, რომ ამ სათემო სახლიდან წამოვიდეს იდეები, რომელსაც ქალაქის მმართველობას მივაწვდით. როგორც ევროპაშია დანერგილი, გვინდა, რომ ქალაქის მმართველობასა და მოსახლეობას შორის რგოლი – სათემო ცენტრი დავაარსოთ.

– რა პასუხი მიიღეთ მერიისგან?

– თავიდან გვითხრეს, რომ იდეა ძალიან კარგია და ახლა ეკონომიკურად დაითვლიან. ჩვენს კონცეფციაში ინვესტორის მონაწილეობაც იგულისხმებოდა, თუმცა, ოქროს უბნის ტერიტორიაზე  4 სართულზე მაღალი შენობა არ უნდა აშენებულიყო. ამის შემდეგ დაიკარგნენ.

– ძალიან ხშირია პრეტენზია იმაზე, რომ დედაქალაქში დასასვენებელი პარკები და სკვერების აღარ დარჩა. რამდენად დიდი პრობლემაა მწვანე სივრცეების ნაკლებობა თბილისში?

– თბილისში ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. შედარება რომ ავიღოთ, საბჭოეთის დროს, 1970-იან წლებში თბილისის გამწვანებული ტერიტორიები არ აკმაყოფილებდა ნორმის ნახევარასაც კი, რომელიც საბჭოეთში არსებობდა. ეს ნორმა დიდი ქალაქებისთვის იყო ერთ მოსახლეზე 15 კვ/მ. თბილისში იმ დროს ერთ მოსახლეზე 8 კვ.მ იყო. ახლა მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის მიხედვით, იგივე ტერიტორიაზე თუ დავითვლით მონაცემებს და არ მივათვლით კიკეთს, წყნეთს და იმ ტერიტორიებს, სადაც ტყეებია, 3,5 კვ.მ. გამოდის ერთ მოსახლეზე. ეს კატასტროფულად ცოტაა. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში პარკების ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ არის. ეს ქალაქისთვის ძალიან დიდი პრობლემაა.

ისეთი წინადადებები და ინიციატივები, რომელიც ქალაქის მმართველობისგან ისმის, რომ სადღაც დიღმის ჭალებში გააკეთებენ დიდი პარკს, 15 ჰექტარზე, ეს ქალაქისთვის რეალური საშველი არ არის. რეალური საშველია, როცა მოსახლეობას საფეხმავლო წვდომის მანძილზე აქვს პარკი. ადამიანს უნდა შეეძლოს, ბავშვთან ერთად გავიდეს სადღაც გამწვანებულ ადგილას და ეს “სადღაც” უნდა იყოს ფეხით 7 წუთის, ყველაზე მაქსიმუმ, 10 წუთის სავალზე. ცნობილი ნორმაა, რომ პარკი უნდა იყოს 500 მეტრის მანძილზე. ქალაქი გამოფიტვაზე მუშაობს და ადამიანს განტვირთვისთვის სახლთან ახლოს გამწვანებული სივრცე სჭირდება. დღეს ოქროს უბანში მოსახლეობას დასასვენებელი ადგილი არ აქვს. ეს ძალიან მძიმეა. მათ რომ უთხრათ, მუშტაიდის ბაღში არის გამწვანებული სივრცე, ეს ძალიან შორია, წასასვლელად ტრანსპორტი სჭირდება. ასევე, შორია არტოს ბაღი და ილიას ბაღი. პლეხანოვზე სამი პარკი დარჩა და იმათ სულ სხვა დატვირთვა და ხასიათი აქვს.

ყველაფერი ლაპარაკობს იმაზე, რომ ოქროს უბანში ქალაქის მმართველობის ხელში, მოქალაქეთა ხელში არის 1,5 ჰექტარი ტერიტორია, გაუნაშენებელი ტერიტორია, ყველას უნდა იქ გამწვანებული ადგილი, სპორტული მოედნით და მერია ამას არაფრით არ აკეთებს…

– თბილისის მერიას გაცხადებული აქვს, რომ თბილისი უნდა გახდეს მწვანე ქალაქი და სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა. რა კეთდება თბილისის გასამწვანებლად და ბოლო წლების ტენდენცია რას გვიჩვენებს, როგორ ვითარდება თბილისი?

– ის პატარა ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა, რეალური ნაბიჯებია, თუმცა, ეს ძალიან ცოტაა. “მზიურში” უკვე რაღაც გაკეთდა. ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო და ასევე, მოხდა დიღმის ჭალების პარკის პროექტირება, თუმცა, სამივე პროექტზე შეიძლება კრიტიკულად ლაპარაკი.

მაგალითად, “მზიური” გაკეთდა ისე, რომ არ გაკეთდა კონცეფცია, როგორი პარკი უნდა იყოს, რა როლს ასრულებს ქალაქში, როგორი მიმართება აქვს გზას, რომელიც ააშენეს და რა მომავალი აქვს ამ გზას. კონცეფციის გარეშე გააკეთეს ღონისძიებების პროექტი, რითაც ბევრი უკმაყოფილოა. მაგალითად, ავტობანის გარდა, შუა პარკში სამანქანო გზა დატოვეს, რაც ხალხს აწუხებს. ასევე, მდინარესა და პარკს შორის დამბა ააშენეს და პარკი მდინარეზე ვერ გადის. როდესაც ასეთი ღვთის წყალობასავით გაქვს, პარკი გაშენებულია მდინარესთან და ისე გააკეთებ, რომ პარკი მდინარეს ვერ უკავშირდება, ეს ნიშნავს, რომ ცუდად გააკეთეს.

მეორე პროექტია ვაკის პარკი. ეს ჯერ პროექტირების დონეზეა, ბრიტანული კომპანია აკეთებს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. არ ვიცი, რის გაკეთებას აპირებენ.

სხვათა შორის, ის სურვილები, რომელიც მოსახლეობას, მაგალითად, ვაკის პარკთან დაკავშირებით აქვს, ბოლომდე ისიც არ განხორციელდა. ინვესტორი, რომელსაც პარკში სასტუმროს მშენებლობა უნდოდა, ვერ გაუშვეს და ისევ პრეტენზიები აქვს. ის დიდი ვაკის პარკი, რომელიც კუს ტბასაც მოიცავდა, ვერ აღადგინეს. ფორმალურად ამხელა ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნის. ამ ტერიტორიას არალეგალურად სამანქანო გზა ჭრის და ის ვერ ალაგმეს. მოკლედ, ძალიან დიდი სისუსტეები ჩანს თბილისის მწვანე ქალაქად განვითარებასთან დაკავშირებით. სიტყვით კი, ძალიან ხმამაღალი სიტყვები ითქვა.

რაც შეეხება დიღმის ჭალებს, პირველი წინაღობები გამოიკვეთა. იქ არის ბიოტოპები, ისეთი ადგილები,  რომელიც ბუნებრივად არის შესანახი. ბიომრავალფეროვნების, ცხოველთა სამყაროს თვალსაზრისით ისეთი სახეობებია, რომელთა ჩართვა პარკის კონცეფციაში გაჭირდება. ალბათ, გაუჭირდებათ დიდი საქალაქო პარკის გაკეთება, სადაც ადამიანი მანქანით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა დადიოდეს. ამ პარკის მოწყობა ადვილი საქმე არ იქნება.

გამწვანების თვალსაზრისით სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ მაგონდება. აქიდან ჩანს, რომ სიტყვები – “თბილისი მწვანე ქალაქი უნდა გახდეს”, ჯერ მხოლოდ ცარიელ სიტყვებად რჩება. სინამდვილეში, ქალაქმა ასეთი ნაბიჯები ჯერ ვერ გადადგა.

მაგალითად, ახლა თქვეს, რომ მთაწმინდისა და კუს ტბის ფერდობის რეაბილიტაციას დაიწყებენ. ეს ძალიან საჭირო საქმეა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია გამწვანება, 10 წელია, ხეებს ავადმყოფობა გაუჩნდა, ჯერ ვერაფერი გააკეთეს და ასე კატასტროფამდე მიიყვანეს საქმე. ახლა თქვეს, რომ იწყებენ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და ვნახოთ, როგორ გააკეთებენ.

– ანუ, თბილისის მწვანე ქალაქად გადაქცევა უახლოეს მომავალში ვერ მოხდება?

– არა. მწვანე ქალაქამდე ძალიან შორია. იმ პირობებში, როდესაც ერთ სულ მოსახლეზე 3,5კვ/მ გვაქვს სიმწვანე და მწვანე სივრცეების მოწყობა დაგეგმილი არ არის, მწვანე ქალაქი როდის იქნება?! ოქროს უბანში შესაძლებელია 1.5 ჰექტარზე პატარა პარკი გააკეთონ და არ აკეთებენ, რომელ მწვანე ქალაქზე უნდა ვილაპარაკოთ?! ოქროს უბანში პარკი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს სიმბოლური ნაბიჯი მაინც იქნება ქალაქისთვის.

– თბილისის მსგავსად, მწვანე სივრცეების ასეთი სიმცირე ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც გვხვდება?

– ევროპაში არ არის ასე თუ ისე დიდი ქალაქი, სადაც ერთ მოსახლეზე 3,5კვ.მ მწვანე სივრცე მოდიოდეს. მშენებლობების ასეთი ყაიდა დამახასიათებელია ახლო აღმოსავლეთის ქალაქებისთვის, სადაც გამწვანება, ფაქტობრივად, არ არის, იმიტომ, რომ ტრადიცია, გამოცდილება არ აქვთ და როგორც ჩვენ ვაშენებთ, ისე აშენებენ – სადაც კი ადგილს ნახავენ, კორპუსებს დგამენ. 1990-იანი წლებიდან დაიწყო ეს ქაოსი. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი აქედან შექმნა პოლიტიკა – ქალაქის მწვანე სივრცეების განადგურების პოლიტიკა. ფაქტობრივად, ქალაქის განადგურების პოლიტიკა შექმნეს და ამას “წარმატებით” აგრძელებს “ქართული ოცნება”. დღეს თბილისი ნამდვილი ბეტონის ქალაქია. გიგი უგულავას ხელისუფლებამ აუნაზღაურებელი დარტყმა მიაყენა ქალაქს, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ აღა-მაჰმად-ხანის მერე ასეთი ნგრევა თბილისს არ დამართნია.