“პარკი ოქროს უბანს!“ – აქტივისტები თბილისში სარეკრეაციო ზონას ითხოვენ

1505

“პარკი ოქროს უბანს!“ – ასე ჰქვია პეტიციას, რომლითაც აქტივისტები და ოქროს უბანში მცხოვრები მოქალაქეები ყოფილ სასპორტო მოედენაზე სარეკრეაციო ზონის გაშენებას ითხოვენ.

საქმე ეხება ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიას, რომლის ფართობიც 15913 კვ/მ-ია.

პეტიცია გამოქვეყნებულია მერიის სპეციალურ საიტზე, რომელსაც “შენი იდეა ქალაქის მერს” ჰქვია. ხმის მიცემა 15 მარტამდეა შესაძლებელი.

“ეს სარეკრეაციო სივრცე ამ 10 წლის წინ გაანადგურეს და ახლა იქ, მოასფალტებული მოედანიღაა დარჩენილი. ეს თბილისის თვითმმართველობის, ე.ი. მოქალაქეების, საკუთრებაში მყოფი ერთადერთი ადგილია არა მარტო ამ უბანში, არამედ გაცილებით დიდ არეალზე, სადაც გამწვანებული, დასასვენებელი სივრცის მოწყობა შეიძლება. ოქროს უბნელებმა რამდენჯერმე მიმართეს ქალაქის მმართველობას აქ პარკის მოწყობის მოთხოვნით. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქალაქის მმართველობას აღნიშნული კვარტალის არც გამოსყიდვა ჭირდება ვინმესგან, არც ადგილმონაცვლეობა – ის მოქალაქეებისაა. არც ხარჯია გასაწევი ისეთი, თბილისის მმართველობამ რომ ვერ იტვირთოს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ აქ, ტრანსპორტით გადაჭედილ ქალაქის ისტორიულ უბანში, პარკის მოწყობა ამოასუნთქებდა არა მარტო ოქროს უბნის მაცხოვრებლებს, ეს მთლიანად თბილისის პრესტიჟსაც ერთი ორად აამაღლებდა. ამიტომ სწორი იქნება, ქალაქის მერმა დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნა და აღნიშნულ ადგილას გააკეთოს პარკი,”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

იდეის ინიციატორები და გულშემატკივრები ოქროს უბნელებთან ერთად არიან: ქალაქგეგმარების რეალური ლაბორატორია და საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები.