საია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საია-ს დისკრედიტაციას ცდილობს და საზოგადოება შეცდომაში მიზანმიმართულად შეჰყავს

753

წინა სტატია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

საია-ს ცნობით, გუშინ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საია-ს საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რაც შეიცავს არსებითად მცდარ, ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საია-ს დისკრედიტაციის მცდელობას და მიზანმიმართულად ახდენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ორგანიზაციის განმარტებით, საია-მ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2020 წლის 14 აპრილს წარადგინა, სადაც ასაბუთებდა, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების საფუძველზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებულ წარმოებებზე საჯარო განხილვის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლების ფორმალურ კრიტერიუმებს. შესაბამისად, საია ითხოვდა მთავრობის დადგენილების შესაბამისი მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით საია-ს საჩივარი არსებითად განსახილველად არ მიიღო. სასამართლოს განმარტებით, მართალია, სადავო ნორმით გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ზეპირი მონაწილეობის შესაძლებლობა შეიზღუდა, თუმცა, იმისთვის რომ სახეზე ყოფილიყო კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა, მოსარჩელეს ასევე უნდა დაესაბუთებინა მოსაზრებების წერილობითი ან/და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით წარდგენა რატომ არ წარმოადგენდა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის ეფექტიან ფორმას.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ საია-ს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მაშინ, როდესაც მოპასუხე არა სამინისტრო, არამედ მთავრობა იყო. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სადავო ნორმის შეზღუდვის მიზანს ქვეყანაში არსებული პანდემია წარმოადგენდა, „რადგან პანდემიის დროს სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობის პირობებში, ვერ ხერხდება საჯარო განხილვების ჩატარება…“, თუმცა, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის პროპორციულობას საია სადავოდ არ ხდიდა. საია წარდგენილი სარჩელით ასაბუთებდა, რომ სადავო ნორმა უნდა შეზღუდულიყო სათანადო ფორმით (კანონით და არა მთავრობის დადგენილებით) და უფლების შეზღუდვის ფორმალური წესის დარღვევა შემზღუდველი წესის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი უნდა გამხდარიყო. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ საია მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებდა ცილისმწამებლურ განცხადებებს, თუმცა, არ უთითებს რაში გამოიხატა ცილისწამება, მით უფრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ, რომელიც ამ საქმეში მოპასუხედაც კი არ იყო ჩართული,” – აცხადებენ საია-ში.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, საია არ ეთანხმება მას და მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება ვიწროდ განმარტა, რამაც სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი განაპირობა.

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების თანახმად, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით. მართალია, საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ განსაზღვრავს მონაწილეობის ფორმას, თუმცა აღიშნული ფორმის განსაზღვრის ვალდებულებას უწესებს კანონმდებელს. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის 3 ფორმას ადგენს: 1. ზეპირს; 2. წერილობითს; 3. ელექტრონულს. მთავრობის დადგენილებით კი მოხდა აღნიშნული ფორმებიდან ერთის – ზეპირი ფორმით მონაწილეობის უფლების შეზღუდვა. საია მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, იმის შეფასებისას, სადავო ნორმა იწვევდა თუ არა უფლებაში ჩარევას, კონსტიტუციის 29-ე მუხლი ფართოდ უნდა განემარტა და სადავო ნორმის მოქმედების პირობებში გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში ზეპირი მონაწილეობის უფლების შეზღუდვა 29-ე მუხლში ჩარევად მიეჩნია,“ – განმარტავენ საია-ში.