მაგიდის წინასწარი დაჯავშნა, ერთჯერადი ბეჭდური მენიუ – ახალი წესები კვების ობიექტებისთვის

963

ღია კაფე-ბარების გახსნა 1 ივნისიდან იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციათა პაკეტს ამზადებს, რომლითაც კვების ობიექტები ისარგებლებენ.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია შრომის ინსპექციის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტო მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვის 23-ე დანართის მთავარ საკითხებს ასაჯაროებს, რომელშიც გასტრონომიული კვების დაწესებელებებში ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე შემუშავებული ქცევის წესებია აღწერილი, თუმცა, თავად დანართი ჯერ საჯაროა არაა.

სავარაუდოდ, კაფე-ბარებისა და რესტორენბის მეპატრონეებს სივრცეების სწორად გადანაწილება მოუწევთ. მაგიდებს შორის დისტანცია ორი მეტრი უნდა იყოს, ერთ მაგიდასთან კი არ უნდა იჯდეს 6 ადამიანზე მეტი.

ძირითადი რეკომენდაციები:

• უზრუნველყავით მაგიდის წინასწარი დაჯავშნა;
• უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;
• უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
• დაიცავით თანამშრომლების მითითებები;
• მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
• მომხმარებელთა შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა ნაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
• მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებელი; გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
• ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად;
• იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას დროებითი დისტანციის ბარიერი;
• გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;
• გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;
• განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ”,  – წერია ტურიზმის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

საქართველოში კაფე-ბარები და რესტორნები მარტში დაიხურა. მათი ნაწილი ადგილზე მიტანის სერვისზე გადავიდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 10 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 7ო1 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 432 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.