შიდა ქართლის ხუთი აგრარული ბაზრიდან ფუნქციონირების განახლების უფლება ჯერჯერობით მხოლოდ სამ ობიექტს მიეცა

901

მთავრობის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვის საფუძველზე, შიდა ქართლში არსებული 5 აგრარული ბაზრიდან ფუნქციონირების აღდგენის უფლება ამ ეტაპზე სამ ობიეტს მიეცა.

შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში განახლებული აგრარული ბაზარი – გეორგია XXI მოინახულა.

სავაჭრო ობიექტის ღია სივრცე უკვე რამდენიმე დღეა ფუნქციონირებს. რაც შეეხება დახურულ დარბაზებს, სადაც ხორცის და რძის პროდუქტების რეალიზაცია ხდებოდა, შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, განაახლებს ფუნქციონირებას.

,,შიდა ქართლში დაკეტილი 5 აგრარული ბაზრიდან ფუნქციონირება მხოლოდ სამმა განაახლა გორსა და ხაშურში. სამივე ობიექტზე, ვირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გამიჯნულია ობიექტების შესასვლელები და გასასვლელები და ხდება მომხმარებელთა ნაკადის მართვა. საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა არსებული რეკომენდაციების დასაცავად და ფუნქციონირების უფლების მისაღებად. რაც შეეხება გორის აგრარულ ბაზარს, რომელიც რეგიონში მესამე გახლავთ, რომელმაც ფუნქციონირება განაახლა, ფაქტობრივად, აბსოლუტურად შეიცვალა იერსახე როგორც ინდივიდუალური, ასევე საბითუმო ვაჭრობის სივრცეებმა. ამჟამად კი, ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რომ არსებულ სტანდარტებს დაექვემდებაროს ბაზრის დახურული ნაწილიც, სადაც ამჟამად ჯერჯერობით არ არის დაშვებული ვაჭრობა. ოპერირებისთვის ყველა ობიექტს მოუწევს ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებულ პირობებში შიდა ქართლში მოქმედი 5 აგრარული ბაზარი 4 აპრილს დაიკეტა. დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში კი ფუნქციონირება სამმა ობიექტმა განაახლა.