განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მათ მოსწავლეების შეფასების ახალი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული.
მისი თქმით, მთავარი ფილოსოფია ამ შეფასების მოდელის არის ის, რომ ის ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და ამავდროულად, აკადემიური სტანდარტი შენარჩუნებულია. მოსწავლეების შესაფასებლად კი სავალდებულო შეფასების ორი ფორმა განისაზღვრა. ესენია: განმავითარებელი შეფასება და განმსაზღვრელი შეფასება.
„ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების ახალი მოდელი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და ჩვენი დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად შევიმუშავეთ, რომელსაც დეტალურად აღგიწერთ. მთავარი ფილოსოფია ამ შეფასების მოდელის გახლავთ ის, რომ ის ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და ამავდროულად აკადემიური სტანდარტი შენარჩუნებულია. მოსწავლეების შესაფასებლად სავალდებულო შეფასების ორი ფორმა განისაზღვრა. ესენია: განმავითარებელი შეფასება და განმსაზღვრელი შეფასება. განმავითარებელი შეფასება გახლავთ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, რომელიც გამოიყენება ისეთ წამყვან ქვეყნებში განათლების თვალსაზრისით, როგორიც არის – ფინეთი, ესტონეთი. ეს მასწავლებელს აძლევს საშუალებას სიღრმისეულად შეაფასოს მოსწავლის აკადემიური დინამიკა, ძლიერი და სუსტი მხარეები. ერთი მხრივ, ეს არის ძალიან კარგი ინფორმაცია უკუგების თვალსაზრისით, როგორც მოსწავლისთვის, ასევე მშობლისთვის. შემდგომ წლებში ეს დახასიათება სხვა მასწავლებლებისთვის, სადაც წერილობით არის აღწერილი მთელი აკადემიური დინამიკა მოსწავლის, რასაკვირველია საგანმანათლებლო პოზიციიდან უაღრესად მნიშვნელოვანია, სიღრმისეულია და გაცილებით მეტ ინფორმაციას იძლევა ვიდრე ნიშანი. თუმცა ტრადიციული განმსაზღვრელი შეფასება-ნიშანი, შენარჩუნებული იქნება“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ამასთან, ჩხენკელის განცხადებით, პროექტ ტელესკოლას მალე პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილები დაემატება.