განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროექტ ტელესკოლას მალე პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილები დაემატება.
ჩხენკელმა განათლების ხელშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პროექტ ტელესკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი მხოლოდ სკოლის ფარგლებს გასცდა.
„ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ საქართველოს პირველ არხთან ერთად განახორციელა, ეს არის ტელესკოლის პროექტი და შეიქმნა ახალი არხი – პირველი არხი განათლება, რომელიც ასეთად დარჩება. როგორც მოგეხსენებათ, ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს და ეს პროექტი არის თვალნათლივი მაგალითი იმისა, რომ ამ კრიზისულ პერიოდში დაიბადა ეს იდეა და ძალიან წარმატებით განხორციელდა. უმოკლეს ვადებში მოხდა ინტელექტუალური რესურსის, ტელერესურსის მობილიზაცია და მართლაც მივიღეთ უნიკალური, ძალიან პოპულარული და ეფექტური პროდუქტი. ეს გასცდა მხოლოდ სკოლის ფარგლებს, რადგანაც ამ გადაცემებს დიდი ინტერესით ადევნებენ თვალ-ყურს არამხოლოდ მოსაწავლეები, არამედ მათი მშობლები, ბებიები, ბაბუები და შაბათ-კვირას, საგანმანათლებლო, შემეცნებით გადაცემებსაც ძალიან დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მისივე განმარტებით, პროექტს ტელესკოლაში ჩართული ჰყავდათ როგორც სპეციალური მასწავლებლები, ასევე, ფსიქოლოგები.
ტელესკოლას საინტერესო ახალი განზომილება დაემატება, უკვე რამდენიმე დღეში გაეშვება პროფორიენტაციის გაკვეთილები, როგორც მოგეხსენებათ პროფესიული განათლება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, – განაცხადა ჩხენკელმა.