ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში და სოფელ კორტანეთში გზების მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, დაბა ახალდაბაში მოასფალტდება აღმაშენებლის ქუჩის 1200მ სიგრძის მონაკვეთი, ასფალტი დაიგება ასევე, ვაჟა-ფშაველას I და II მონაკვეთებზე, ხოლო რუსთაველის ჩიხში, რიკაძეებისა და კაპანაძეების უბანში და სოფელ კორტანეთში რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა.
„ჯამში 3 კილომეტრის სიგრძის გზა მოწესრიგდება. აღნიშნულ დასახლებებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები არასოდეს განხორციელებულა. მოსახლეობას კი გრუნტის გზით სარგებლობა წლებია უწევდა. ამჟამად ობიექტებზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა გამგებელმა.
პროექტის მიხედვით, დაბა ახალდაბის შიდა გზებზე ორმოულების შეკეთებაც მოხდება. გზების დაგებასთან ერთად, მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე ღარები და ცხაურები. კეთილმოეწყობა ასევე ეზოებში შესასვლელები. სამუშაოების ჩატარების შემდეგ საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტები საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი