ავტორი: ირაკლი პაპავა
(ა)იპ “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტი
საქართველოს ორგანული კანონი – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ადგილობრივი თვითმმართველობის ცნებას განმარტავს, როგორც “საქართველოს მოქალაქეთა უფლებასა და შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები” (იხ. მუხ. 2, პუნ. 1). აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, როგორც ადგილობრივი დემოკრატიის განმახორციელებელი უმთავრესი ინსტიტუციისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ნების საფუძველზე ფორმირებული მუნიციპალური ორგანოების მხრიდან მოსახლეობის სრულფასოვანი ჩართვის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის დონეზე გადაწყვეტილების მიღებისა და მისი აღსრულების ზედამხედველობის პროცესში. ამასვე ადგენს “ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლების თაობაზე” ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი (ძალაშია 2020 წლის 1 მარტიდან), რომლის თანახმადაც, “მონაწილეობის მიღების უფლების გამოყენებისათვის საჭირო ზომები უნდა ითვალისწინებდეს”, რომ უზრუნველყოფილი იქნას “ისეთი პროცედურების შემოღება, რომელიც ჩართავს ადამიანებს საკონსულტაციო პროცესებში” (იხ. მუხ. 2, პუნ. 2(ii), ქვეპუნ. “ა”). სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად დასახლების საერთო კრებას განსაზღვრავს. მისი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის თვითორგანიზაციის სპეციალური ფორმის, უმთავრესი დანიშნულებაა, უზრუნველყოფილ იქნას კონკრეტულ დასახლებაში (ე.ი. სოფელში, დაბაში, ქალაქში) რეგისტრირებული ამომრჩევლის ქმედითი ჩართულობა ამ დასახლებისა და, ზოგადად, შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და თვითმმართველი ერთეულის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული თითოეული ამომრჩეველი. კრება უფლებამოსილია, იმსჯელოს სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე, ბიუჯეტში მათ ასახვამდე განიხილოს შესრულებული ან მიმდინარე პროექტები, წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები, ასევე, პეტიცია. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, განიხილოს საერთო კრების გადაწყვეტილება და დასაბუთებული პასუხი აცნობოს მის წევრებს, ან კრების რჩეულს. იგი, აგრეთვე, ვალდებულია, ამ დასახლებაში გასახორციელებელი პროექტები განსახილველად წარუდგინოს კრებას, შეათანხმოს მასთან დასახლების საზღვრების ცვლილების საკითხი. კრების მოწვევის შესაძლებლობა აქვს როგორც მუნიციპალიტეტს (მერს), ისე საინიციატივო ჯგუფს.
თუმცა, სამართლიანობა, მოითხოვს, ითქვას, რომ კანონით დასახლების საერთო კრების შექმნისა და საქმიანობის წესი მეტისმეტად ფორმალიზებული და გართულებულია. მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს საინიციატივო ჯგუფის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მხარდამჭერი, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 5%-ის ხელმოწერების შეგროვების ვალდებულებას; საერთო კრების ლეგიტიმურად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მას ესწრებოდეს მის წევრთა, ე.ი. კონკრეტულ დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%; დასახლების საერთო კრების მოწვევა, ჩატარება და მუნიციპალურ “რეესტრში” რეგისტრაცია ხანგრძლივ დროსა და ძალისხმევას საჭიროებს და ა.შ. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ართულებს მისი მოწვევისა და ჩატარების შესაძლებლობებს, ზოგიერთ დასახლებაში – ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის გამო, ხოლო ცალკეულ მათგანში კი, სულაც იმის გამო, რომ შესაძლებელია, რეგისტრირებული ამომრჩევლის 20% არ ცხოვრობდეს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ, ლოგიკურ შედეგად, დღეისათვის გვაქვს მოცემულობა, როდესაც, თითო-ოროლა გამონაკლისი “გამონათებების” გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბითაც კი, ძალზე მწირია დასახლების საერთო კრებების დაფუძნებისა და გამართულად ფუნქციონირების პრაქტიკა, არათუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც, მოცემული მომენტისთვის, ფაქტობრივად, არცერთ დასახლებაში არ არის შექმნილი (დაფუძნებული) საერთო კრება. მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალოა დაბისა და ქალაქის ტიპის დასახლებებთან მიმართებით, ვინაიდან ამ ტიპის დასახლებებში, ქართულ სინამდვილში, თითქმის არ მოგვეპოვება საერთო კრების დაფუძნების პრეცედენტები. მოკლედ, ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: აუცილებელია, რომ დასახლების საერთო კრების მოწვევა და ლეგიტიმაცია ამომარჩეველთა უფრო მცირე ჯგუფებამდე იქნას დაყვანილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული საკრებულოს დადგენილების პროექტი და მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები
საქართველოს ორგანული კანონის – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 852-ე მუხლის მე-4 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ “ეს კანონი განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება”. შესაბამისად, ამ საკვანძო მნიშვნელობის დებულებიდან უპირობოდ გამომდინარეობს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ეს კანონი, საერთო კრების უფლებამოსილებების, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის ნაწილში, არ მოქმედებს იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანული კანონის ეს ჩანაწერი არ იძლევა მისი სხვაგვარი განმარტების (წაკითხვის) შესაძლებლობას და მისი ყველა სხვა ინტერპრეტაცია ან განმარტება კანონთან შეუსაბამოდ უნდა ჩაითვალოს.
აღნიშნულის ფონზე, კანონმდებელმა იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, უშუალოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიანიჭა კომპეტენცია იმისა, რომ საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი თავისი დადგენილებით განსაზღვროს, აგრეთვე, ასეთ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და, ამ კანონის გათვალისწინებით, განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი, სახელწოდებები და საქმიანობის წესი (იხ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხ. 852, პუნ. 6).
შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობისა და, ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მოქმედება საერთო კრების უფლებამოსილებების, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის ნაწილში არ ვრცელდება იმ დასახლებაზე, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული იქნა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინა დადგენილების პროექტი “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება” (საკრებულოს აღნიშნული დადგენილების პროექტისა და მისი დანართების ოფიციალური სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ინტერნეტ-მისამართზე.
საგულისხმოა, რომ, აღნიშნული პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია დასახლების საერთო კრების შექმნისა და საქმიანობის წესის მნიშვნელოვანი გამარტივება, საინიციატივო ჯგუფის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მხარდამჭერი, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხელმოწერების არანაკლებ 5%-იანი ზღვრის 1%-მდე დაყვანისა და საერთო კრების ლეგიტიმურად ცნობისათვის საჭირო დამსწრე წევრთა რაოდენობის არანაკლებ 20%-ის 5%-ამდე შემცირების ხარჯზე.
საგანგებოდ უნდა ითქვას ისიც, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება (ოზურგეთში ასეთი სულ სამი დასახლებაა: ქალაქი ოზურგეთი, დაბა ლაითური და დაბა ნასაკირალი), რამდენიმე საერთო კრების შექმნის შესაძლებლობის მიზნიდან გამომდინარე, საკრებულოს დადგენილების ინიცირებული პროექტით გათვალისწინებულია ასეთი დასახლებების დაყოფა რამდენიმე ნაწილად, რომლებიც მიბმულია ბოლო (2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის) არჩევნებისას ამ დასახლებების ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებსა და მათ დაზუსტებულ საზღვრებზე, ასევე, განსაზღვრულია ამ დასახლებათა ნაწილების საერთო კრებების შესაძლო სახელწოდებები და საზღვრები.
დაბოლოს, ნიშანდობლივია, რომ წარდგენილი პროექტი ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე სათანადო პროგრამული ონლაინ-პლატფორმის ინტეგრირების ვალდებულებას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება, უშუალოდ ამომრჩეველთა მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფისთვის დადგენილი აუცილებელი პროცედურების ელექტრონულად გავლის, ხოლო უკვე დაფუძნებული საერთო კრებების რჩეულ(ებ)ისთვის კი საერთო კრების უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხების ინიცირებისა და ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის შესაძლებლობა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საკონსულტაციო დასკვნა: სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო “ვსიო გოვორიტ, ვსიო გოვორიტ, პრო სვინიუ ნიჩეგო ნე გოვორიტ”
აღსანიშნავია, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოფიციალურად დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საკრებულოს შესაბამისი დადგენილების მისაღებად. ამასთან, მან, ისარგებლა რა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 137(1)-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (საკრებულოს დადგენილების) პროექტი, განმარტებითი ბარათის თანხლებით, სამართლებრივი კონსულტაციის მიღების თხოვნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გადაუგზავნა. ამ უკანასკნელმა საკუთარი საკონსულტაციო დასკვნა თავისი 13/03/2020-ის GOV 6 20 00009847 დოკუმენტის სახით წარმოადგინა, რომლითაც მან არამართებულად მიიჩნია სამართლებრივი კონსულტაციისთვის გადაგზავნილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტით გათვალისწინებული საინიციატივო ჯგუფის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მხარდამჭერი, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხელმოწერების არანაკლებ 5%-იანი ზღვარის 1%-მდე დაყვანა და საერთო კრების ლეგიტიმურად ცნობისათვის საჭირო დამსწრე წევრთა რაოდენობის არანაკლებ 20%-ის 5%-ამდე შემცირება.
უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ზემოხსენებული საკონსულტაციო დასკვნა ერთობ მძიმე და ცალსახა დოკუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი გაცნობისას, ძალაუნებურად, ისეთი განცდა გეუფლება, რომ მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს სამართლებრივი კონსულტაციისთვის გადაგზავნილი საკრებულოს დადგენილების პროექტის თანმხლები განმარტებითი ბარათი ან არ წაუკითხავს, ან კიდევ თავის მსჯელობაში შეგნებულად არიდებს თავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 852-ე მუხლის მე-4 პუნქტის საკვანძო დებულებას, საიდანაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს, რომ ეს კანონი, საერთო კრების უფლებამოსილებების, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის ნაწილში, არ მოქმედებს იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება. მეტიც, მთავრობის ადმინისტრაცია თავის დასკვნაში დასახლების საერთო კრებასთან შემხებლობაში მყოფ ორგანული კანონის თითქმის ყველა დებულებას ეხება, მთავარი მათგანის (ანუ 852-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი რეგულაციის) გარდა; არადა, ძირითადში, სწორედ ამ უკანასკნელს ეფუძნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ინიცირებული პროექტი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მთავრობის ადმინისტრაციას, თავის საკმაოდ ვრცელ მსჯელობაში, არათუ არაფერი მოუმოქმედებია მის “გასაბათილებლად”, არამედ, პირიქით, საკონსულტაციო დასკვნაში გაკვრითაც კი არ უხსენებია იგი. მოკლედ, დაახლოებით ის სიტუაციაა, როდესაც შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია “ვსიო გოვორიტ, ვსიო გოვორიტ, პრო სვინიუ ნიჩეგო ნე გოვორიტ”.
და მაინც, ასეთი არათანმიმდევრული მსჯელობის ფონზეც კი, მას არანაირად არ ეშლება ხელი, საკუთარი საკონსულტაციო დასკვნის ძირითადი პოსტულატი იმაზე ააგოს, რომ “მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა იხელმძღვანელოს კანონის ფარგლებში და მის შესაბამისად”. მკითხველს კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ საუბარია ორგანულ კანონზე (“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე”), რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ იმ დასახლებასთან მიმართებით, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, საერთო კრების უფლებამოსილებების, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის ნაწილში, მას არაფერი ესაქმება და რომ ეს საკითხი თავიდან ბოლომდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეხედულებაზე აქვს დატოვებული, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია, თავისი დადგენილებით, საერთო კრების განსხვავებული კომპეტენციები და მისი მოწვევისა და საქმიანობის განსხვავებული წესი (მათ შორის, ზემოაღნიშნული პროცენტული მაჩვენებლების შემცირება) დაადგინოს.
დასკვნა
რა შეიძლება ითქვას დასკვნის სახით?
პირველი ის, რომ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 852-ე მუხლის მე-4 პუნქტის დებულების საფუძველზე, 2000-ზე მეტ რეგისტრირებულ ამომრჩევლიან დასახლებებთან მიმართებით კანონმდებლობით დადგენილი ზემოაღნიშნული ზოგადი ზღვრული პროცენტული მაჩვენებლების შემცირების ხარჯზე, საერთო კრების დაფუძნებისა და ფუნქციონირების პროცესის გამარტივების შესაძლებლობის მიმართ საჯარო და კერძო სექტორის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. თუ კერძო სექტორს (მოცემულ შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფს) ამ პროცესის გამარტივების გზაზე ხსენებული ნორმა ძირითად, გადამწყვეტ ფაქტორად ესახება, საჯარო სექტორი (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახით წარმოდგენილი), მას, პირიქით, ან, საერთოდ ვერ ამჩნევს, ან, თუ ამჩნევს, არ იმჩნევს და შეგნებულად უვლის გვერდს, არამართებულად და დაუშვებლად მიიჩნევს რა ადგილობრივ დონეზე, საკრებულოს დადგენილების პროექტით, ორგანულ კანონში გათვალისწინებული ზოგადი ზღვრული პროცენტული მაჩვენებლების შემცირების შესაძლებლობას.
მეორე და უმთავრესი: შექმნილ რეალობაში და, ასევე, იმ ფონზე, როდესაც დასახლების საერთო კრება, როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელოვანი ფორმა, პრაქტიკაში რეალურად ვერ მუშაობს (მათ შორის, ძირითადად, სწორედ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზემოთ მითითებული ზოგადი ზღვრული პროცენტული მაჩვენებლების გამოისობით) და, ამ დროს ორგანულ კანონში, 852-ე მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერის სახით, არსებული (დავარქვათ მას) „ბუნდოვანება“ (თუმცა, არანაირ „ბუნდოვანებას“ აქ ადგილი არ აქვს) შესაძლებლობას იძლევა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ ცოტა მეტი პრინციპულობა და დამოუკიდებლობა გამოამჟღავნოს და, თავისი გადაწყვეტილებით, განსხვავებული ზღვრული პროცენტული მაჩვენებლების დადგენის შედეგად, მნიშვნელოვნად გაამარტივოს დასახლების საერთო კრების დაფუძნებისა და ფუნქციონირების პროცესი იმ დასახლებებთან მიმართებით, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება. მუნიციპალიტეტის საკრებულო, როგორც მინიმუმ, საფუძვლიანად მაინც უნდა დაფიქრდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის თუნდაც კონკრეტული გამოვლინებისა და თუნდაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში (კერძოდ, იმ დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება) საერთო კრების დაფუძნებისა და ფუნქციონირების პროცესის გამარტივების უპირატესობაზე. მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივი დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა (იხ. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, მუხ. 137, პუნ. 4).
ასე რომ, როგორც იტყვიან, ჯერი უკვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოზეა; ახლა სწორედ მან უნდა გააკეთოს გააზრებული არჩევანი და გადაწყვიტოს, საითკენ გადაიხრება და რას დაუჭერს მხარს – ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუციის, დამოუკიდებლობას და იმ დასახლებაში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ზე მეტია, საერთო კრების დაფუძნებისა და ფუნქციონირების პროცესის გამარტივებას (რაც, სულ მცირე, არანაირად არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და სავსებით ჯდება მის ფარგლებში), თუ ცენტრალური სახელისუფლებო უწყებიდან მიღებულ საკონსულტაციო დასკვნას, რომელსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ საკრებულოსთვის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია და, ამავე დროს, სრულად გამორიცხავს, ადგილობრივი ნორმატიული აქტის (საკრებულოს დადგენილების) მეშვეობით, საერთო კრების დაფუძნებისა და ფუნქციონირების პროცესის ყოველგვარი გამარტივებისა და ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით თვითმმართველი ერთეულის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის თუნდაც ფრაგმენტული გამოვლინების შესაძლებლობას. დანარჩენი კი თავად მკითხველმა განსაჯოს.
P.S. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე სტატიაში განხილული საკითხი ერთგვარად პრეცედენტული ხასიათის მქონეა, ვიმედოვნებთ, რომ იგი ხელს შეუწყობს ამ თემაზე საინტერესო დისკუსიის გახსნას და მის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროთი დაინტერესებული ფართო საზოგადოებრიობის აქტიურად ჩართვას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამისი დიდი სურვილი და მოლოდინი ნამდვილად გვაქვს.