კახეთის რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ოთხი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

672

კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა სოფელ ოსიაურში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი, ხოლო სოფელ მატანში ახლადაშენებული ამბულატორიის შენობა დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

„კახეთის რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ოთხი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ ოსიაურის სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, რომელიც 2020 წლის ბოლოს დასრულდება, პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ. 200 ათასი ლარია. რაც შეეხება სოფელ მატანში ახლად გახსნილ ამბულატორიას, მისი მშენებლობა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 72 000 ლარი შეადგინა. ამბულატორიაში, როტაციის წესით 3 ექიმისა და 3 ექთნისაგან შემდგარი 3 ჯგუფი მუშაობს. ამბულატორიის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და ამავე წელს დასრულდა, შენობა ექსპლუატაციაში 2020 წელს იქნა მიღებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.