ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროექტების თანადაფინანსების კომისიამ 2 პროექტი დააფინანსა

740

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროექტების თანადაფინანსების კომისიამ 2 პროექტი დააფინანსა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად წარმოდგენილი და მოწონებული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით შექმნილი კომისია, დღეს სხდომაზე შეიკრიბა და ასოციაცია ,,იმედი“-სა და ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის მიერ წარმოდგენილი პროექტი განიხილა.

ასოციაცია ,,იმედი“-ს პროექტი, 15 ხშირად მოავადე ბავშვის დედასთან ერთად დაბა სურამში დასვენებას გულისხმობს. პროექტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებში და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ხშირად მოავადე 15 შვიდწლამდე ბავშვი ჩაერთვება, რომლებიც დედასთან ერთად 10 დღის განმავლობაში გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ბანაკში დაისვენებენ.

ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის მიერ წარმოდგენილი პროექტი ახალგაზრდულ ბანაკში ,,ტოლერანტობის სათავეები“ აფხაზეთიდან 10 იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდის მიღებას გულისხმობს, რომელთაგან 5 ახალგაზრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია. ბანაკი უნიკალურ კულტურათშორის გაცვლით სივრცეს წარმოადგენს, სადაც ნეგატიური სტერეოტიპების დამსხვრევა და სხვადასხვა კულტურების წარმომადგენლების დაახლოება ხდება. ბანაკში ასამდე მოზარდი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელორუსისა და სომხეთის სხვადსხვა კუთხიდან იღებს მონაწილეობს.

კომისიამ ორივე პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

გასულ წელს პროექტების თანადაფინანსების კომისიამ 6 პროექტი დააფინანსა, რომელიც წარმატებით განხორციელდა.