კომპანია “პრახოდკას ფილიალი”, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს გზის გაკეთებას აპირებდა, ტენდერიდან მოხსნეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 6 მაისს მიიღეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ კასპის მერის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნია და რუსული კომპანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
რუსული კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კასპის მერიამ მას დისკვალიფიკაცია უსაფუძვლოდ მიანიჭა.
“რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო – სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ ცნობის მომზადებას და ეს არც სატენდერო პირობებით, არ იყო განსაზღვრული,” – აღნიშნულია საჩივარში.
“პრახოდკას ფილიალს” ცნობა უნდა წარედგინა, რომლის მიხედვით კომპანიის სათაო ორგანიზაციის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, ანუ ყადაღა არ არსებობს.
“პრახოდკას ფილიალის” მიერ წარდგენილ ცნობებში გამოცდილების შესახებაა საუბარი. კერძოდ, როგორც ამ დოკუმენტებით ირკვევა, მოსკოვში რეგისტირებულმა კომპანიამ ჩრდილოეთ კორეაში 310 მლნ რუბლის ღირებულების გზა გაიყვანა.
რაც შეეხება გოსტიბეს გზას, საქმე ეხება 600 000-ლარიან პროექტს, რომლის განხორციელებას მოსკოვში რეგისტრირებული კომპანიას სურდა. კასპის მერია გოსტიბეს გზაზე ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის ტკეპნას აპირებს, ასევე, ცხავერში “კაჩიანთუბანში” გადასასვლელის მოწესრიგებას, ხოლო ამ თანხით გუდალეთში გარკვეული მონაკვეთის მოსწორებას.
ამჟამად, კასპის მერია სწავლოს მეორე კომპანიის დოკუმენტებს, რომელმაც ზემოაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 750 000 ლარი მიუთითა. კომპანია “ვი-აი-პლას” რუსთავშია რეგისტრირებული და ჯერ მის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არაა.
ფოტოზე: კომპანია “პრახოდკას” გამოცდილება კორეის სახალხო რესპუბლიკაში. დოკუმენტის მიხედვით, ასევე მოსკოვში რეგისტირებულმა კომპანია ,,ნიკამ” (ხელმძღვანელი ა. წულეისკირი “პრახოდკას” კორეის ერთ-ერთ პროვინციაში გზის დაგება შეუკვეთა. ხელშეკრულების ღირებულება 321 მლნ რუბლს აღწევს, რაც დაახლოებით 16 მლნ ლარს შეადგენს.