საბავშვო ბაღებში არამალფუჭებადი პროდუქტების დარიგების მესამე ეტაპი მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს მთაწმინდის რაიონის 172-ე ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც მშობლებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტების გადაცემის პროცესს გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.
„მოგეხსენებათ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ბავშვებს ის საკვები, რაც ამ დღეების განმავლობაში უნდა მიეღოთ არამლფუჭებადი პროდუქტების სახით, შეგვეგროვებინა და მშობლებისთვის გადაგვეცა, რათა მათ საკუთარ შვილებს საჭმელი სახლში მოუმზადონ. ამჟმად ამ პროდუქტების დარიგების მესამე ეტაპი მიმდინარეობს“, – განაცხადა მერმა.
შეგახსენებთ, არამლფუჭებადი პროდუქტების ნუსხა 11 დასახელების საკვებისგან შედგება. აღნიშნული პროდუქტებით უკვე 55 ათასმა მშობელმა ისარგებლა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.