კალაძე: STOPCOV ფონდში ჩარიცხული თანხების ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა

925

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, STOPCOV ფონდში ჩარიცხული თანხების ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რა მიმართულებით დაიწყება თანხების ხარჯვა, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ამ თანხების გახარჯვა ჯერ არ მიმდინარეობს. თუ რა მიმართულებით იქნება განკარგული თითოეული თეთრი, ცნობილი და ცხადი იქნება საზოგადოებისთვის. ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, „STOPCOV ფონდში“ 131 503 032 ლარია ჩარიცხული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 623 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 288 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.