საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილა

497

2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ამჯერად უკვე წამყვან – საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონმდებლებს გასული წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესრულების ანგარიში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში – 106, 2 % -ით, ხოლო ხარჯვით ნაწილში – კი 95,3 % -ით შესრულდა.

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – გიორგი რომანაძის განცხადებით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია შედარებით დაბალი მაჩვენებლების მქონე პროგრამებისა და ქვეპროგრამების, ასევე მიღებული მაჩვენებლების მიზეზების შესწავლა-გაანალიზება, რათა მსგავსი ფაქტორები მომდევნო წლების ბიუჯეტების დაგეგმვისას გაითვალისწინონ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანას. სხდომაზე 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მოხსენება კომიტეტის თავმჯდომარემ – გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. მოხსენება კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.