ქედაში, ზესოფლის მოსახლეობა ტრაქტორით მიწის დამუშავების პროგრამაში ჩართვას ითხოვს

578

ქედაში, სოფელ ზესოფლის მოსახლეობა ორი კვირაა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან სახნავი ტრაქტორით მიწის დამუშავების პროგრამაში ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო საგაზაფხულო სამუშაოები დაგვიანდა, რაც მოსავლიანობაზე უარყოფითად აისახება. მათი თქმით, გაუფუჭდათ თამბაქოს ჩითილებიც.

ზესოფლის მოსახლეობამ ამ მოთხოვნით სამინისტროს არაერთხელ მიმართა, თუმცა, დაპირების მიუხედავად პროგრამით ვერ ისარგებლეს.

სამინისტროში ამბობენ, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ჯამში ოთხი ტრაქტორი თემების მიხედვითაა გადანაწილებული და მიწის ნაკვეთების დამუშავება ეტაპობრივად ხდება.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ სოფელ ზესოფელში ტექნიკით მიწის დამუშავება ორ დღეში მოხდება.