ადიგენის მერის ინიციატივით, სოფელ ბენარაში, ანდრია პირველწოდებულის სტელა დაიდგმება. მხოლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 000 ლარი დაიხარჯება. ტენდერი 14 აპრილს გამოცხადდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
როგორც სატენდერო დოკუმენტებშია მოცემული, სტელა სოფელ ბენარაში, ახალციხე-ადიგენის და ახალციხე-აბასთუმნის გზაგასაყარის მიმდებარედ მოეწყობა.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა. მისი ღირებულება 4 970 ლარია. მონაწილეობა ერთმა ინდმეწარმემ ბეჟან ვარდიძემ მიიღო, რომელთანაც ხელშეკრულება ჯერ დადებული არ არის.
ადიგენის მერიაში ამბობენ, რომ სტელის დადგმის ინიციატორი ადიგენის მერი, ზაქარია ენდელაძეა:
„ინიციატორი მერიაა. ბენარაში არის პატარა გორა, ზადენ-გორა, სადაც იყო კერპი, რომელიც შემუსრა ანდრია პირველწოდებულმა და სიმბოლურად, ამ ადგილზე გაკეთდება ანდრია პირველწოდებულის ბარელიეფი“, – აცხადებენ ადიგენის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
მას შემდეგ, რაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდება, ადიგენის მერია სამშენებლო სამუშაოებზე კიდევ ერთ ტენდერს გამოაცხადებს.