მერძევეობის განვითარების პროგრამა უკვე ექვს რეგიონში დაიწყო

874

წინა სტატია

საქართველოში მერძევეობის განვითარების ახალი პროგრამა დაიწყო, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) აფინანსებს.

პროგრამის განხორციელებისთვის 16 მილიონი ევრო გამოიყო, საიდანაც ნაწილი გრანტია, ნაწილი კი, შეღავათიანი სესხი. სამიზნე ჯგუფები ძირითადად მცირე და საშუალო ფერმერები არიან, რომლებსაც ჰყავთ სულ მცირე ხუთი, ხოლო მაქსიმუმ 20 მეწველი საქონელი.

პროგრამა ექვს რეგიონში განხორცილდება: იმერეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ძირითადი საშუალებების შეძენა. მაგალითისთვის, რძის პირველად მწარმოებელს შეუძლია, მოითხოვოს თანადაფინანსება საწველი დანადგარის შესაძენად ან პირუტყვის სადგომის რემონტისთვის. თანადაფინანსება 40-დან 80%-ის ფარგლებში მერყეობს. პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის მინიმალური ზღვარი 8 000 ლარია, მაქსიმალური კი – 195 000 ლარი.

მერძევეობის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა არის მეხუთე პროგრამა, რომელსაც IFAD აფინანსებს. ამ პროგრამის განმახორციელებელი არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საერთოდ, ამ დონორი ორგანიზაციის კრედო არის სოფლად, სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და შესაბამისად, სიღარიბის დაძლევა. კონკრეტულად, ჩვენი პროგრამის მიზანი არის სოფლად მერძევეობის სექტორში დასაქმებულ ფერმერთა ხელშეწყობა, შემოსავლების ზრდა და შესაბამისად, მათი პროდუქციის ხარისხის ამაღლება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა. პროგრამის ფარგლებში ფერმერები მიიღებენ გრანტებს. ამ გრანტებში აუცილებლად არის ფერმერთა მხრიდან სხვადასხვა სახის თანამონაწილეობა. ზოგ მიმართულებაში 40%-ია გრანტი და 60% კონტრიბუცია, ზოგან 60% – გრანტი და 40%  – კონტრიბუცია. გააჩნია მიმართულებებს,” – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბარში საქართველოში IFAD-ისპროგრამების ხელმძღვანელმა, ლალი დურმიშიძემ.

მერძევეობის მხარდაჭერის პროგრამა ექვს წლიანია. თანადაფინანსების მოსაპოვებლად ფერმერებმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ. პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა, ბენეფიციარი იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე, სიახლე ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებზეც.

ახალი პროგრამა აპრილის ბოლოდან ამოქმედდა და ამ დროისთვის სააგენტოში ოთხი განაცხადია შესული.

საგულისხმოა ის, რომ თავდაპირველად პროგრამის გავრცელების არეალი მხოლოდ სამ რეგიონს მოიცავდა, თუმცა, როგორც ლალი დურმიშიძე ამბობს, მთავრობასა და ფონდს შორის გამართული მოლაპრაკების შედეგად გადაწყდა, რომ კიდევ სამი რეგიონი დამატებოდა და ჯამურად, ახალი პროგრამა ქვეყნის მასშტაბით ექვს რეგიონში განხორციელდება.

„პროგრამა თავდაპირველად გამიზნული იყო, რომ განხორციელებულიყო სამ  რეგიონში – იმერეთში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში. ახლახანს საქართველოს მთავრობისა და დონორთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ დაემატებოდა კიდევ სამი რეგიონი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი და კახეთი. ასევე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსათვის პროგრამა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება“, – განმარტავს ლალი დურმიშიძე.