კახა კალაძემ ვიცე-მერს გასაყიდი ობიექტების მოძიება დაავალა

1156

თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება მოხდება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი პროექტის პრივატიზება მოხდეს, რომ შემოსავლების ნაწილში არსებული პრობლემები უმოკლეს დროში ეფექტიანად მოგვარდეს.

„მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, მოიძიეთ დამატებითი საპრივატიზაციო აქტივები, არა მხოლოდ უძრავი ქონება და მატერიალური აქტივი, არამედ, სხვა ნებისმიერი ტიპის აქტივი, რომლის პრივატიაზაციაც შეიძლება და ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს და მეორე მხრივ გაზრდის კერძო სექტორში ეკონომიკურ აქტივობებს. ჩვენ დღემდე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეწყვეტილი გვქონდა საპრივატიზაციო მიმართულებით გარკვეული ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების გამოტანა, თუმცა დღეიდან დავიწყებთ ამ მიმართულებითაც მუშაობას, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი იყოს წარმოდგენილი, რომ მოხდეს მათი პრივატიზაცია. შემოსავლების ნაწილში, რაც პრობლემა გვაქვს და ეს ყველაფერში აისახება შემდგომ – იმ პროექტებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს, აისახება სოციალურ პროგრამებზე, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა დროულად და ეფექტიანად იყოს მოგვარებული, უმოკლეს დროში“,- განაცხადა კალაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.