კალაძე: 2 თვეა დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა, მიუხედავად ამისა, ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია მუშაობა

467

დედაქალაქის მთავრობის სხდომას რაიონების გამგებლები არ დასწრებიან. როგორც სხდომის დაწყებისას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განმარტა, გამგებლები თავიანთ რაიონებში მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგების პროცესში არიან ჩართული. მისივე თქმით, 2 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა, თუმცა მერიას მუშაობა არ შეუწყვეტია.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, დაახლოებით, 2 თვეა დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია მუშაობა და მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ძალაინ კარგად ხედავს. ამ სამუშაოებს გავაგრძელებთ, რადგან ეს ყველაფერი მიმართულია კორონავირუსის პრევენციისთვის. ამ ბრძოლაში თითოეული ჩვენი სამსახურის და თითოეული ჩვენაგნის ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

დღევანდელი მთავრობის სხდომა განსხვავებულ ფორმატში წარიმართება, რადგან ამას არ ესწრებიან გამგებლები, ისინი ყველა თავიანთ რაიონებში არიან ჩართულები პროდუქტების დარიგების პროცესში და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს, იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება ჩვენი თანადგომა“, – განაცხადა კალაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.