საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე გადამზადება 2 700-მდე ოჯახის ექიმმა და სოფლის ექიმმა გაიარა

858

საქართველოს მასშტაბით, ახალ კორონავირუსზე შესაბამისი გადამზადება 2 700-მდე ოჯახის ექიმმა და სოფლის ექიმმა გაიარა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ“ მიმართვისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, გადამზადების პროცესი მედპერსონალში გრძელდება. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა ინფიცირებულთა ყველა აქტიური შემთხვევა საავადმყოფოში მკურნალობს. მისი თქმით, საწოლების საკმარისი რაოდენობაც არსებობს.

„დაახლოებით 2 500-დან 2 700-მდე პირველადი ჯადაცვის ექიმის გადამზადება მოხდა. ანუ სოფლის ექიმმა, ოჯახის ექიმმა გაიარა გადამზადება ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე როგორც ონლაინ, ისე პირდაპირი დასწრებითი მეთოდით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.