კორონავირუსზე PCR ტესტირების ჩატარება კახეთშიც დაიწყება

1006

კორონავირუსზე PCR ტესტირება კახეთის რეგიონის მაშტაბით, უახლოეს მომავალში დაიწყება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, განყოფილებას უკვე გადაეცა შესაბამისი აპარატი, რომელიც ადგენს, აქვს თუ არა მოქალაქეს კორონავირუსი. ამასთანავე, შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს იმ სპეციალისტებმა, რომლებიც კორონავირუსზე მოქალაქეებს კახეთის რეგიონში გამოიკვლევენ.

კორონავირუსზე კვლევის ლაბორატორია კახეთში არ გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ტესტირების რაოდენობა ფართოვდება და სამომავლოდ შესაძლოა, ავიდეთ 2000 და 3000 მოქალაქის ტესტირებაზე, საჭიროა ბევრი ლაბორატორია. ამჟამად კორონავირუსზე ტესტირებას 12 ლაბორატორია ატარებს. კახეთში ასეთი ლაბორატორია არ გვაქვს, თუმცა PCR ტესტირების ჩატარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ბაზაზე იგეგმება”, – აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.