აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შემცირებით გამოთავისუფლებული 100 000 ლარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება

658

აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული 100 ათასი ლარი, რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაიწერება და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დადგენილების პროექტს – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირების შესახებ” კანონმდებლებმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი რომანაძის მიერ წარმოდგენილ პროექტს 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ და თანამომხსენებელმა – საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ წარმოადგინეს.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტის ასიგნებების ცვლილება გამოწვეულია ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარებით და მიზნად ისახავს მოსახლეობის პანდემიისგან მაქსიმალურად დაცვას.

„პროექტის თანახმად, გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 23 370,3 ათასი ლარით, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს, საკარანტინე ზონების ორგანიზება-უზრუნველყოფას, ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა-ფუნქციონირებას, რისკ ჯუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებითა და ვირუსით დაავადებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების მასტიმულირებელ ღონისძიებებს, სასათბურე მეურნეობებსა და სხვა აუცილებელ პროგრამებს მოხმარდება.

3, 8 მილიონი ლარითაა განსაზღვრული სარეზერვო ფონდი, რომლის ნაწილი სასურსათო კალათებით მოსახლეობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. მინისტრის განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილებები ქვეყანაში პანდემიის დაძლევის შემდეგაც იგეგმება.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” პროექტები სხდომაზე მისმა ინიციატორმა – უმაღლესი საბჭოს წევრმა, დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

პირველი ცვლილება, ობიექტური გარემოებების არსებობისას, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უმაღლესი საბჭოს დისტანციურ საქმიანობას, ასევე ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მოქმედების გამოცხადების დროს უმაღლესი საბჭოს მიერ საგანგებო სესიის რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას ითვალისწინებს.

მეორე ცვლილების თანახმად კი, უმაღლეს საბჭოში შეიქმნება მუდმივმოქმედი ორგანო – ღია მმართველობის საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერებას ინსტიტუციური ღიაობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. პროექტის მომზადებაში მონაწილეობდნენ ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები. რეგლამენტის შესატანი ორივე ცვლილება კანონმდებლებმა ერთხმად დაამტკიცეს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.